საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს მოცულობა და შემოსავალი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 1.2 ტონა ოქრო გავიდა, რითაც საქართველომ $63.9 მილიონი მიიღო.
შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 1.5 ტონა ოქრო, რაც $58.3 მილიონის შემოსავალს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ფიზიკური მოცულობა შემცირდა, მიღებული შემოსავალი 9.5%-ით გაიზარდა, რაც ექსპორტირებული ოქროს გაძვირებაზე მიუთითებს.
მიმდინარე წელს, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარია იყო - სწორედ იქ გაიყიდა 1.2 ტონა ოქრო, $59.4 მილიონად. მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც საქართველოდან 10 კილოგრამი ოქრო გავიდა და მიღებული შემოსავალი $3.7 მილიონი შეადგინა. მცირე მოცულობით, მაგრამ მესამე პოზიციაზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც ქვეყანამ $686 ათასის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წელს საქართველოში ოქროს იმპორტი 109%-ით გაიზარდა. 8 თვეში ქვეყანამ $2.3 ათასის ღირებულების ოქრო შეიძინა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი $1.1 ათასი იყო.
მთავარი საიმპორტო ბაზრები იტალია ($1.2 ათასი) და საფრანგეთი ($1.1 ათასი) გახდა, თუმცა იმპორტის მოცულობები იმდენად მცირეა, რომ სტატისტიკაში რაოდენობრივად არ აისახა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 35%-ით არის გაძვირებული.
ინფორმაციისთვის, ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება - კვირის განმავლობაში ოქროს ფასი 3%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 3,950 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 50%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 9%-ს აღწევს.




























