2026 წლის 7 თვეში საქართველოს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაუორმაგდა. ქვეყანამ ამ პერიოდში 8 მილიონ 776 ათასი დოლარის ღირებულების 2 224 ტონა პროდუქტი გაყიდა. ექსპორტი 129%-ით გაიზარდა. ამაში ერთიანდება როგორც ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტი, ისე ქვეყნიდან უცხოური საქონლის რეექსპორტიც.
საქსტატის ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, სარეალიზაციო ბაზრებიდან პურპროდუქტების გაყიდვა ყველაზე მეტად უზბეკეთში გააქტიურდა. ღირებულების მიხედვით საექსპორტო ქვეყნების რეიტინგშიც პირველი ადგილი უზბეკეთმა დაიკავა. 7 თვეში საქართველოდან ამ მიმართულებით 2 მილიონ 276 ათასი დოლარის ღირებულების 549 ტონა პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი გაიყიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტი $143 ათასამდე იყო, მოცულობა კი 31 ტონას აღწევდა.
უზბეკეთთან ერთად ამ დასახელების პროდუქტის გაყიდვები გაიზარდა აზერბაიჯანში, სადაც წელს 2 მილიონი დოლარის 829 ტონა პურპროდუქტები გავყიდეთ. გასულ წელს გადაზიდული საქონლის მოცულობა 584 ტონა და 1.3 მლნ დოლარი იყო.
კიდევ ერთი ბაზარი, სადაც პურ-ფუნთუშეული გავყიდეთ მეზობელი სომხეთია. 343 ტონა საქონლის ექსპორტის ღირებულებამ $1.6 მილიონი შეადგინა.
ამ პერიოდში პურპროდუქტების ექსპორტი გაზრდილია ისრაელშიც, სადაც წელს 875 ათასი დოლარის 260 ტონა პროდუქტია გაყიდული.
აღსანიშნია, რომ გასული წლების 7 თვეში ბელარუსში პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმი საქართველოდან არ გასულა, 2026 წლის იანვარ-ივლისში კი ამ მიმართულებით 853 ათასი დოლარის 98 ტონა პროდუქტი გავიტანეთ.
გასული წლის მინიმალური მოცულობებიდან წელს პურპროდუქტების ექსპორტი გაზრდილია რუსეთშიც, სადაც 7 თვეში ჯამში 629 ათასი დოლარის 68 ტონა პროდუქტია გადაზიდული. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მთავარი მომწოდებელია.



























