2023 წლის 6 თვეში რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან 344 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტი იყო. მათ შორის 168%-ით გაიზარდა საქართველოდან დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელების ექსპორტი რუსეთში. თუკი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 12.4 მილიონ დოლარს (19.6 ათას ტონას) შეადგენდა, წელს ის 33 მილიონ დოლარამდე (43.6 ათას ტონამდე) გაიზარდა.
ექსპორტის ასეთ ზრდას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იწვევს, რადგანაც ქვეყანა უკვე დატოვეს ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Coca-Cola და Pepsi. ბაზარზე არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, რუსეთმა პირდაპირი და პარალელური იმპორტით დაიწყო შაქრიანი სასმელების იმპორტი, მათ შორის გაყიდვები გაეზარდათ ქართველ მწარმოებლებსაც, რომელთა საქონელიც რუსეთში გაზრდილი რაოდენობებით გადის.
მთლიანობაში, 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან 58.6 მილიონი დოლარის ღირებულების დაგაზიანებული და შაქრიანი სასმელები გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურად 79%-ით არის გაზრდილი.
გაზიანი სასმელების 5 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ასე ნაწილდება:
1) რუსეთის ფედერაცია - 33.2 მილიონი დოლარი, 43.5 ათასი ტონა, ზრდა 168%;
2) ყაზახეთი - 7.1 მილიონი დოლარი, 10.6 ათასი ტონა, ზრდა 164%;
3) აზერბაიჯანი - 6.2 მილიონი დოლარი, 9 ათასი ტონა, ზრდა 10%;
4) სომხეთი - 6.1 მილიონი დოლარი, 7.5 ათასი ტონა, ზრდა 25%;
5) ისრაელი - 0.8 მილიონი დოლარი, 1.6 ათასი ტონა, კლება 45%.
ამ მაჩვენებლით, ლიმონათები და გაზიანი სასმელები რუსეთში საქართველოს რიგით მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია ღვინის, მსუბუქი ავტომობილებისა და ფეროშენადნობების შემდეგ.

























