საქართველოდან თაფლის ექსპორტი შეჩერდა - რა პრობლემებზე საუბრობენ მწარმოებლები?
BM.GE
06.04.23 23:50
• 297
ადგილობრივ ბაზარზე თაფლის დეფიციტის გამო საქართველოდან ევროკავშირში თაფლის ექსპორტი შეჩერდა. მაისამდე საქართველოდან ევროპაში თაფლი ვერ გაიგზავნება რამდენიმე ფაქტორის გამო. მწარმოებლებს ამოეწურათ თაფლის მარაგები, შესაბამისად, ევროპიდან წამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. მარაგებთან დაკავშირებულ პრობლემას აღიარებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც, თუმცა ნაკლებად საუბრობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე. როგორც „თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალეკო პაპავა აცხადებს, იმისთვის, რომ თაფლის ექსპორტის უწყვეტობა შენარჩუნდეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მისი თქმით, პირველ რიგში უნდა დაიწყოს თაფლის მწარმოებლების რეგისტრაცია, იმისთვის, რომ გაირკვეს ქვეყანაში რა რაოდენობის ფუტკრის ოჯახია და რა მოცულობის თაფლი იწარმოება. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მწარმოებლების პერიოდული ინსპექტირება და შემოწმება, რომ ხარისხი დაცული იყოს. მეფუტკრეების ნაწილი საუბრობს ბიუროკრატიულ ბარიერებზეც, რომელზეც პროდუქციის ექსპორტზე გატანისას სახელმწიფოსთან აწყდებიან, მათი თქმით, პროცესები დროში ჭიანურდება, რაც თაფლის ექსპორტს ართულებს.