საქართველოდან ცოცხალი ცხვრების ექსპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ქვეყნიდან 4,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1019 ტონა ცხვრები გაიყვანეს. ეს მაჩვენებელი 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარით უსწრებს, ხოლო 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს - 4 მლნ აშშ დოლარით.
ცხვრების საექსპორტო ბაზრებს შორის ყველაზე დიდი წილი ყატარს აქვს, მას მოჰყვება საუდის არაბეთი და ლიბია. საქართველოდან ცხვრების საექსპორტო ქვეყნები 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით შემდეგია:
- ყატარი - 1,6 მლნ აშშ დოლარი
- საუდის არაბეთი - 1,3 მლნ აშშ დოლარი
- ლიბია - 1 მლნ აშშ დოლარი
- ქუვეითი - 345 800 აშშ დოლარი
- ერაყი - 95 300 აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 68 300 აშშ დოლარი
- უზბეკეთი - 18 200 აშშ დოლარი
აღსანიშნავია, რომ მარტის ექსპორტის მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოა, რომ ექსპორტი მარტში შემცირებული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ირანის ომმა ფრენების და ლოგისტიკის პროცესი გაართულა, საქართველოდან ცხვრების მთავარი საექსპორტო ბაზრები კი სწორედ აღნიშნული რეგიონის ქვეყნებია.
ცნობისთვის, თუ 2025 წლის ჯამურ მონაცემს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ცხვრების ექსპორტში 2024 წელთან შედარებით კლებაა. კერძოდ, 2024 წელს საქართველოდან 39,8 მლნ აშშ დოლარის ცოცხალი ცხვრები გავიდა, 2025 წელს კი - 26,9 მლნ აშშ დოლარის. გასულ წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, 2024 წელს კი საუდის არაბეთი.




























