Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის თქმით, წელს, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე მოთხოვნა შემცირებული იქნება. ამის მიზეზად კი, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების კლებას და იქიდან ექსპორტზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოს ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარია.
"ზოგადად, საქართველო იმპორტზე დამოკიდებულია, თუმცა ზაფხულის რამდენიმე თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტიც ხორციელდება. ძირითადი ბაზარი თურქეთია, ამიტომ სწორედ თურქეთის ფასებს ვუყურებთ. თურქეთის ბაზარზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო, ამან გამოიწვია 2022-2023 წლებში რეკორდულად მაღალი ექსპორტი. 2024 და 2025 წლებში კი ვხედავთ, რომ თურქეთის ბაზარზე ფასები დაკლებული და დასტაბილურებულია. შესაბამისად, დასტაბილურებულია საქართველოდან ექსპორტის საშუალო ფასი და მოთხოვნა შედარებით შემცირებულია", - ამბობს ჩახვაშვილი.
შარშან ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 29%-ით შემცირდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა. ექსპორტის სეზონი აპრილში დაიწყო და აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, ექსპორტის 82.6%-იანი წილით. ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს.




























