კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) ტესტირების რეჟიმში დაიწყებს მუშაობას, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
პირველ ეტაპზე საწარმო 215-მდე ნაწილს დაამზადებს ისეთი ავიაგიგანტებისთვის, როგორიცაა ,,ბოინგი“, ,,ეარბასი“, ,,ბომბარდიერი“ და სხვა. პროდუქცია 100%-ით ექსპორტზე გაიგზავნება.
როგორც დავით საგანელიძე აცხადებს, როდესაც საწარმო სრულ სიმძლავრეზე გავა, მისი საექსპორტო მოცულობა, წლის განმავლობაში, 70 მილიონი დოლარი იქნება.
“წლის ბოლომდე ქარხანა ტესტირების რეჟიმში იმუშავებს და რამდენიმე თვეში სრულ სიმძლავრეზე გავა. ყველა დეტალი, რომელიც ამ პერიოდში დამზადდება ისრაელის ლაბორატორიებში გაივლის სპეციალურ კონტროლს და მომავალი წლიდან, როდესაც ყველა შესაბამის სერთიფიკატს აიღებს, ექსპორტი დაიწყება.
საექსპორტო მოცულობა თავდაპირველად, წლის განმავლობაში 70 მილიონი დოლარი იქნება, თუმცა, შემდეგ ეტაპზე, როდესაც საწარმო ახალი დეტალების დამზადებას დაიწყებს, ეს მოცულობა გაიზრდება.
ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 100-ზე მეტმა სპეციალისტმა სტაჟირება ისრაელში გაიარა, კადრების გადამზადება მუდმივად გაგრძელდება”, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, საპარტნიორო ფონდის ფინანსური მონაწილეობა საწარმოში 5-დან 7-წლამდე გაგრძელდება, ამ ვადის გასვლის შემდეგ ის გამოიტანს თავის წილს კომპანიიდან. „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია.