საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის მთავარი ბაზარი ყირგიზეთი გახდა, სტატისტიკის მიხედვით 2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით $53 მილიონი დოლარის ღირებულების 3,166 ტონა თამბაქოს ნაწარმი გაიგზავნა. BMG-იმ შეამოწმა ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი, რომლის მიხედვითაც მათ თამბაქოს ნაწარმი წელს შეიძინეს 34 ქვეყნიდან, თუმცა მათ შორის საქართველო არ ფიგურირებს და ამ მხრივ იმპორტი 0 დოლარია. ამასთან, ყირგიზეთის თამბაქოს მთლიანი იმპორტი იყო $50.6 მილიონი დოლარი, რაც მხოლოდ საქართველოდან გაგზავნილ $53 მილიონ დოლარზე ნაკლებია.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ვაჭრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მათ შორის, პირველ რიგში, ყირგიზეთთან მკვეთრად გაიზარდა. 2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა სწორედ ყირგიზეთი იყო, სადაც ექსპორტმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მათ შორის ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, სადაც $964 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიგზავნა, თუმცა ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათ საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს, ხოლო ყირგიზეთის მიმართულებით გაგზავნილი თამბაქოს პროდუქცია ყირგიზეთის იმპორტის სტატისტიკაში საერთოდ არ ხვდება.
ყირგიზეთში საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის ექსპორტი მხოლოდ 2023 წელს დაიწყო, ექსპორტის სტატისტიკა ასე ნაწილდება:
- 2024 წელი 10 თვე - $53.4 მილიონი დოლარი;
- 2023 წელი 10 თვე - $49.7 მილიონი დოლარი;
- 2022 წელი 10 თვე - $0 დოლარი.
შესაბამისად, 2024 წლის მდგომარეობით, ყირგიზეთში საქართველოს მთავარი სავაჭრო საქონელი ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტია.