თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხრიდან შესაძლო ყველანაირი პროვოკაციისთვის მზად უნდა იყოს. ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს საგანგებო, გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ Ekhokavkaza ავრცელებს.
ამ მიზნის შესასრულებლად კი დე-ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტმა" ოპერატიული შტაბი შექმნა. ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები დაიხმარა და თქვა:
„პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განსაზღვრა ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შედის. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულია სპეციალური ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან, ანუ გარე ძალები. უნდა გვესმოდეს, რომ გარე ძალებს განეკუთვნება საქართველოც“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთია "პრეზიდენტის" სიტყვებით, 7:30 საათზე სამხედრო განგაში გამოცხადდა.
„სამინისტროს ყველა განყოფილება ყაზარმულ მდგომარეობაში უნდა იყოს რათა კონცენტრაციის რაიონებში გავიდნენ. უნდა დააორგანიზონ სრული კავშირი რუსეთის სამხედრო ბაზასთან. ამოცანები, რომელიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხაზის გავლით იქნება დაყენებული, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროზეც გავრცელდება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს უწყვეტი კავშირი და აუცილებლობის შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული"
მან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა: „მიმართოს კონტრსადაზვერვო ქმედებებს, რათა სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ხელმძღვანელობასთან ერთად უზრუნველყოს ყველა საჭირო ქმედება საზღვრისა და საქართველოს მიმდებარე ტერიტორიების მონიტორინგისთვის. უზრუნველყოს საქართველოდან მომდინარე ყველა შესაძლო პროვოკაციაზე პასუხის მზადყოფნა“.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის დილას რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის სპეციალურ მიმართვაში დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს რუსეთის სახმელეთო სამხედრო ძალებმაც. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვსა და კიევში. არის მსხვერპლიც.

























