საქართველომ 23 იანვარს ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაცია განათავსა - ობლიგაციების საინფორმაციო სისტემა Cbonds-ის თანახმად, ახალი ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი 5.125% იქნება და მისი მეშვეობით 2021 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდის რეფინანსირება მოხდება. ამასთან, რეფინანსირება ვადაზე ადრე განხორციელდა, რადგან წინა ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა 2026 წლის აპრილში იყო განსაზღვრული.
ახალი ფასიანი ქაღალდის ვადიანობა 5 წელი იქნება და მას სახელმწიფო ბიუჯეტი 2031 წლის იანვარში დაფარავს.
ფასიანი ქაღალდის გამოშვების ოპერაციის შესრულებაში საქართველოს მთავრობისთვის საბროკერო მომსახურების გაწევით გლობალური მოთამაშეები - Citigroup-ი; J.P. Morgan-ი; ICBC-ი და Société Générale-ი იყვნენ ჩართული. საქართველოს ბაზარზე არსებული მომხმარებლებს კი ფასიანი ქაღალდის შეძენა "Galt & Taggart"-ისა და "თიბისი კაპიტალის" მეშვეობით შეუძლიათ.
საქართველოს წინა სახელმწიფო ევროობლიგაცია რომელიც 2021 წელს იქნა გამოშვებული 2.75%-ის კუპონის განაკვეთს ატარებდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში თავად აშშ დოლარის რესურსის ღირებულება 0.4% იყო, მაშინ როდესაც 2026 წლის იანვრის მდგომარეობით აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 3.82%-ს შეადგენს. შესაბამისად სპრედი - ანუ რისკის სხვაობა რომელიც ინვესტორებმა საქართველოს სახელმწიფო ვალს დააკისრეს 2021 წელთან შედარებით შემცირებულია (2021 წელს სპრედი, ანუ სხვაობა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციის განაკვეთთან 2.35% იყო; 2026 წელს 1.3%).




























