აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. ე.წ. სამინისტრო წერს, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
"რაც შეეხება სამომავლოდ მეზობელ ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას, ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის დოკუმენტს”, – წერია განცხადებაში.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამინისტრო საქართველოს მთავრობას ურჩევს, რუსეთთან ურთიერთობები თავად დაარეგულიროს.
"გვსურს, შევახსენოთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ საქართველოს ჯერ თავად აქვს რუსეთთან ურთიერთობები დასარეგულირებელი. როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ამიტომაც, წინასაარჩევნო რბოლაში "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე" სტერეოტიპებისა და მსგავსი მითოლოგიური ტერმინებით სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა ჯერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა დაიწყონ", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც "მეზობელ ქვეყნებს", ურთიერთობების ნორმალიზებაში. ლავროვის განცხადებაში ახალი არ არაფერია. მოსკოვში არაერთხელ გაუჟღერებიათ, რომ სურთ, კონფლიქტის მხარის ნაცვლად, მედიატორად იქცნენ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, როგორც ქვეყნებთან, ურთიერთობების დალაგებაში დაეხმაროს.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას. მისი თქმით, კარგი იქნება, დაიწყოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანონ.