მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ბოლო 9 წელში 1537 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გასცა

იუსტიციის სახლი

2014 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში საქართველომ საინვესტიციო ბინადრობის 1537 ნებართვა გასცა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ რომან გოცირიძისთვის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

აღსანიშნია, რომ 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ბინადრობის მოსაპოვებლად აუცილებელი ინვესტიციის მოცულობა 300 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 300 000 დოლარით. ამასთან, 2019 წლიდან აღნიშნული ნებართვის გაცემა შესაძლებელია მაშინაც, თუ პირი საქართველოში ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისამდე 300 000-ლარიანი ინვესტიციის სანაცვლოდ სულ 566 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ანუ 2019 წლიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე - 971 ნებართვა. 

რაც შეეხება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვებს, იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის 15 ივნისიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე, სულ 7163 ნებართვაა გაცემული.

აქაც, 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების ფლობა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 35 000 აშშ დოლარს, შეიცვალა 100 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონებით. ამიტომ 2015 წლიდან 2019 წლამდე 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების სანაცვლოდ, გაიცა 3485 ნებართვა, 2019 წლიდან კი - 3678 ნებართვა.

აღსანიშნია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ რომან გოცირიძისთვის მიწოდებულ სტატისტიკაში მონაცემები ჩაშლილი არ არის მოქალაქეობის მიხედვით. ამიტომ, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეები ჭარბობენ გაცემულ ნებართვებში, უცნობია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროოპტიმისტებმა” პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებზე საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად აფუძნებენ საწარმოებს და გარდა ბინებისა, იძენენ სხვა სახის უძრავ ქონებასაც, რაც შემდგომში ხდება ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამ და სხვა სახის პრობლემების თავიდან აცილებას ემსახურება ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები