მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა და სტაბილურად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი
26.06.25 10:47
2008

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, გამოსვლისას, ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას და მხარს უჭერს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის აქტიურ ჩართულობას.

„საქართველომ განსაკუთრებული მდგრადობა აჩვენა და სტაბილურად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე - კერძოდ, ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების, შუა დერეფნის ფარგლებში დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებისა და ძლიერი ადამიანური კაპიტალის შექმნის მიმართულებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ, წლიურ 9.5 პროცენტს აჭარბებდა და 2025 წელსაც მაღალი ნიშნულით გრძელდება. ამ რთულ გარემოში ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები კვლავაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ნეგატიური ზემოქმედების შერბილება და სტრუქტურული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ციფრული დაფინანსების, კლიმატის ცვლილებებისადმი გონივრული ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის ღონისძიებებს.

ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ღონისძიების მასპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის, ასევე, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკსა და მის ხელმძღვანელობას, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზაობა, გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად, რაც დაკავშირებულია საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაძლიერებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები