მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ "გაზპრომ-ესპორტისგან" იანვარ-თებერვალში 100 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეიძინა

58b564c29e01f
დავით ჯალაღონია
28.02.17 15:53
1308
"გაზპრომ-ესპორტისგან" საქართველომ იანვარ-თებერვალში 100 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეიძინა. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, რუსეთიდან სომხეთში გატარებული ტრანზიტიდან საქართველო ამ ეტაპზე ნედლეულს ისევ იღებს, თუმცა ზამთარში გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად არც ეს და არც აზერბაიჯანული გაზი საკმარისი არ არის.

"ჩვენ დეკემბერში დამატებით 70 მლნ კუბური მეტრი რუსული გაზი შევიძინეთ, იანვარ-თებერვალში კი - 100. ამ სეზონზე განსაკუთრებით მაღალი მოხმარება დაფიქსირდა. დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი მოხმარება შარშანდელ ზამთართან შედარებით, თვეების ჭრილში რომ შევადაროთ. გაზმომარაგება სრულად, 100%-ით აზერბაიჯანიდან ვერ ხორციელდება და რუსეთიდან დამატება გვჭირდება, რომელსაც ე.წ სარეზერვო წყარო ჰქვია და რომელსაც "გაზპრომთან" მოლაპარაკებების ფორმატი ასევე ითვალისწინებს. დამატებით 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შეძენის ფასი 185 დოლარია", - განმარტა ვალიშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას "გაზპრომ-ექსპორტთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროვების შესახებ, ვალიშვილი მათთვის საპასუხოდ აღნიშნავს, საქართველოს რეალობაში ბევრი ასეთი ტიპის ხელშეკრულება არსებობს, რომელიც საჯარო არ არის.

"რაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო, ყველა ეს პირობა ღიად არის თქმული. აბსოლუტურად რისკების შემცველი არ არის ეს ხელშეკრულება და რისკებიდან გამომდინარე, საქართველოს პოზიცია არ დამძიმებულა, მაგრამ გასაჯაროვების საკითხი ბუნებრივია, მთავრობის გადასაწყვეტი იქნება საბოლოო ჯამში", - განაცხადა ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო მომსახურების საფასურად საქართველო ნაწილობრივ გაზს, ნაწილობრივ კი თანხას მიიღებს, მომავალ წელს კი მხარეები სრული მონეტიზაციის ფორმატზე გადავლენ. ხელშეკრულება ორწლიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები