„საქართველომ ყველა ის კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რაც გაწერილი იყო პირველი მიმოხილვის ფარგლებში“, - ამის შესახებ „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით გათვალისწინებული სტრუქტურული რეფორმების კუთხითაც, მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის თვალსაზრისით, ქვეყანამ პროგრესს მიაღწია.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს რეფორმების პაკეტს, რომელიც თავად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. ეს პაკეტი ითვალისწინებს: მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას; ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ასევე სტრუქტურულ რეფორმებს - მათ შორის, დაფინანსების გაზრდას იმ მიმართულებით, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი სატრანზიტო, ლოჯისტიკური და ტურისტული ჰაბის ფუნქცია; კერძო-საჯარო პარტნიორობის კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მუშაობა მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაზარდოს კერძო სექტორის ჩართულობა მსხვილ პროექტებში და ამავდროულად შეამციროს ფისკალური რისკები; ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და საპენსიო რეფორმა, რომელმაც უნდა მოახდინოს დანაზოგების მობილიზება და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში და ბოლოს, ვაჭრობა და ამ კუთხით ინტეგრაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მობილიზებას, გაზარდოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება გარე შოკებზე“, - განაცხადა პეშომ.

























