მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან და თურქეთთან ერთად, შესაძლოა, თაფლის ერთიანი ბრენდით გაყიდვა დაიწყოს

თაფლი

საქართველომ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან და თურქეთთან ერთად, შესაძლოა, თაფლის ერთიანი ბრენდით გაყიდვა დაიწყოს. როგორც BMG-ს „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო პაპავამ განუცხადა, საუბარია თურქეთში ექსპორტის მოცულობის 50-დან 500 ტონამდე გაზრდაზე და შემდეგ რეექსპორტზე. საკითხზე მოლაპარაკებები მაისში, თურქეთში უნდა გაიმართოს.

„5-6 მაისს, დაგეგმილია თურქეთში შეხვედრა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრებიც უნდა დაესწრონ ამ შეხვედრას. მიდის საუბარი, რომ პირველ ორ წელს 50 ტონამდე ან ცოტა მეტი თაფლი გავიდეს და შემდეგ წლებში, უკვე 500 ტონაზე მეტი ექსპორტი განხორციელდეს თურქეთში. შემოთავაზებაც არის, რომ საერთო ბრენდით იყოს, რადგან კავკასიის რეგიონი ერთი რეგიონია, და რაღაც საერთო ბრენდით რომ გავიდეთ. თუმცა ეს რისკფაქტორს მაინც შეიცავს - ხომ არ ჩაიკარგება საქართველო ამ პროცესში. თურქეთი ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია თაფლის და ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია მსოფლიო მასშტაბით.

საუბარია იმაზე, თუ რა რაოდენობის თაფლი შეერევა, რა ჰომოგენიზაცია მოხდება - ქართული თაფლის თურქულ თაფლთან, როგორ გავა გასაყიდად - "Made in Turkey" დაეწერება თუ "Made in Georgia". ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ საკუთარი თაფლის, საკუთარი პროდუქტების ცნობადობა გავზარდოთ მსოფლიოში. შესაბამისად, აქეთ უნდა ავიღოთ აქცენტები. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა ცუდი არ არის, მაგრამ მაინც საკუთარზე უნდა ვიფიქროთ. საქართველო არ არის ახლა იმხელა ქვეყანა, რომ რაოდენობით ყველა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ ხარისხზე შეგვიძლია თამამად ვიმუშაოთ და პრემიუმ ხარისხის პროდუქტი შევქმნათ“ - აცხადებს ალეკო პაპავა BMG-სთან.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ქართულ თაფლზე ევროკავშირიდანაა. ამ ბაზარზე მოთხოვნადი, ძირითადად, აკაციის თაფლია.

ამასთან, როგორც „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი განმარტავს, თუ აქამდე პროდუქტი ძირითადად საბითუმო სახით, დიდი მოცულობის კონტეინერებით გადიოდა, დღეს აქცენტი ბრენდირებულ, დაფასოებულ პროდუქციაზე კეთდება, რამაც საექსპორტო ფასიც გაზარდა.

„ფასის ზრდა განაპირობა იმან, რომ საბითუმო ფასიდან, ექსპორტი საცალო ფასზე გადავიდა. უკვე გავიდა ქვეყნიდან ბრენდირებული პარტია მცირე რაოდენობით. ვერ ვიტყვით რომ ეს მუდმივად ასე იქნება, თუმცა თაფლი, რომელიც, პრემიუმ ხარისხისაა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალფასიანი იქნება. აქამდე, ძირითადად, დაახლოებით 300-კილოიანი შეფუთვები იგზავნებოდა და მერე იქ ადგილზე ხდებოდა მისი ჰომოგენიზება - სხვა ქვეყნების თაფლის შერევა და შესაბამისად მერე მიეწერებოდა პატარა პროცენტი საქართველოსი. ჩვენ მივესალმებით, რომ რაც შეიძლება მეტი ბრენდირებული პარტია გავიდეს ქილებში და უკვე ფასდადებული, რაც, რა თქმა უნდა, ქართული თაფლის ცნობადობასაც გაზრდის“ - აცხადებს ალეკო პაპავა.

თაფლის საექსპორტო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან თაფლის ექსპორტის მოცულობები 100 კგ-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა ღირებულება გაიზარდა. წელს საქართველოდან სრულად 17 300 დოლარის ღირებულების 400 კგ ადგილობრივი წარმოების თაფლი გავიდა ექსპორტზე. მიმდინარე წლის პირველი კვარტალისთვის თაფლის საექსპორტო საშუალო ფასი 43 დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები