მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ, რუმინეთმა, უნგრეთმა და აზერბაიჯანმა შავი ზღვის კაბელზე სამთავრობოთაშორისი შეხვედრა გამართეს

642e9a8547a45
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.23 14:23
651
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამთავრობო შეხვედრას პროექტში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები, ასევე ევროკავშირის ელჩი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი დაესწრო. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან ეკონომიკის და ფინასთა მინისტრები მონაწილეობდნენ, უნგრეთს საგარეო და ეკონომიკის მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკუ.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.

ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.

საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი მმართველი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა ბუქარესტში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები