საქართველომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების არსებობის ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა. იტალიაში, XXV ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურული ციგურაობის სპორტულ წყვილებში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურა. ორი პროგრამის ჯამში მათ 221,75 ქულა დააგროვეს.
- მოკლე პროგრამა: წყვილმა 75,46 ქულა მიიღო (მეორე საუკეთესო შედეგი).
- თავისუფალი პროგრამა: 146,29 ქულა.
- ჯამური ქულა: 221,75.
ჯამში, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა
- 1. რიკუ მიურა, რუიჩი კიჰარა (იაპონია) – 231.24 ქულა
- 2. ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა (საქართველო) – 221.75
- 3. ფაბიანე ჰასე, ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) – 219.09
ოლიმპიური თამაშები ფიგურულ ციგურაობაში სხვა ქართველი სპორტსმენების გამოსვლით გრძელდება. 17 თებერვალს ყინულზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარდგება.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში მიმდინარეობს და ის 22 თებერვალს დაიხურება. წელს საქართველო ოლიმპიადაზე სპორტის ორ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა და სამთო-სათხილამურო სპორტი) სულ რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.




























