მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ზეთის იმპორტში $49.2 მილიონი გადაიხადა - ბაზრის მთავარი მომწოდებელი კვალავ რუსეთია

ზეთი

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ზეთის იმპორტის ღირებულებამ 49.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 23.2%-ით აღემატება. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 31 319 ტონა ზეთი შემოვიდა, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში კი იმპორტის მოცულობა 29 248 ტონა იყო. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა.

იმპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.3 მლნ დოლარით, ხოლო ფიზიკური მოცულობა 2 071 ტონით გაიზარდა. მონაცემების მიხედვით, ერთი ტონა იმპორტირებული ზეთის საშუალო ღირებულება 2026 წლის იანვარ-სექტემბერში დაახლოებით 1 569 დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 363 დოლარს შეადგენდა. ეს დაახლოებით 15.1%-იანი ზრდაა. მაჩვენებელი იმპორტის ღირებულებისა და მოცულობის თანაფარდობით არის გამოთვლილი და საცალო ფასს არ ასახავს.

მომწოდებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 27 148 ტონა ზეთი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 41.5 მლნ დოლარი შეადგინა. ამ ქვეყნის წილი ზეთის იმპორტის მთლიან ღირებულებაში დაახლოებით 84.4%-ია.

მეორე ადგილზე უკრაინაა, საიდანაც 2 757 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 4.8 მლნ დოლარი. მესამე პოზიციას აზერბაიჯანი იკავებს - ქვეყნიდან 988 ტონა ზეთი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 1.7 მლნ დოლარი შეადგინა. მომწოდებელი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან უნგრეთი, საიდანაც 358 ტონა ზეთის იმპორტის ღირებულება 821 ათასი დოლარი იყო, და თურქეთი - 38 ტონა, 71 ათასი დოლარის ღირებულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები