მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს 142-ე პატრიარქს დღეს გამოარჩევენ - როგორ ირჩევენ კათალიკოსს/პროცედურა და კრიტერიუმები

სამება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. სწორედ ამ კრებაზე აირჩევენ საქართველოს ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელს.

ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებული კრების ფორმატში მოხდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, გაფართოებული კრება სპეციალურად პატრიარქის არჩევისთვის იკრიბება.

1995 წლის დებულებით, პატრიარქის არჩევა არის ერთ-ერთი იმ ორი შემთხვევიდან, როდესაც ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა სავალდებულოა (მეორე შემთხვევა მართვა-გამგეობის ახალი დებულების მიღებაა).

პატრიარქობის კანდიდატისთვის დებულება რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნას ადგენს. კანდიდატი:

  • ეროვნებით ქართველი უნდა იყოს;
  • უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
  • უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და ეკლესიის მართვის გამოცდილება;
  • უნდა იყოს ბერი;
  • ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლის.

გაფართოებული კრების შემადგენლობაში შედიან:

  • წმინდა სინოდის ყველა წევრი;
  • თითოეული ეპარქიიდან ორი სასულიერო და ერთი საერო წარმომადგენელი;
  • მონასტრების წარმომადგენლები;
  • სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების დელეგატები;
  • გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები;
  • მცხეთა-თბილისის ეპარქიის დამატებითი დელეგატები.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრებაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, ბერები და ერისკაცებიც, მათ მხოლოდ სათათბირო ხმა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ აზრის გამოთქმა კანდიდატებზე, მაგრამ უშუალოდ არჩევანში მონაწილეობას ვერ იღებენ.

დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები ანუ წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსები.

პატრიარქობის კანდიდატების შესარჩევად წმინდა სინოდის პირველი კენჭისყრა 28 აპრილს გაიმართა. სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია, რომლებიც გაფართოებულ კრებაზე იყრიან კენჭს.

კენჭისყრის შედეგად, ყველაზე მეტი 20 ხმა მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ. სწორედ ეს რაოდენობა ითვლება იმ ზღვარად, რომელიც გაფართოებულ კრებაზე გამარჯვებისთვის არის საჭირო.

თუ მღვდელმთავართა ხმები უცვლელად გადანაწილდება, მიტროპოლიტი შიო პირველივე ტურში გაიმარჯვებს და საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი გახდება სახელით შიო III.

მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მიტროპოლიტი იობი და მიტროპოლიტი გრიგოლი, რომლებმაც 7-7 ხმა მიიღეს. დარჩენილი 4 ხმა სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.

საქართველოს ეკლესიის მოქმედი დებულების თანახმად, პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს (წმინდა სინოდზე ხმის უფლება 39 მღვდელმთავარს აქვს). თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, გაიმართება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს.

არჩევნების დასრულების შემდეგ ტარდება ახალი პატრიარქის აღსაყდრება ინტრონიზაცია, (თარიღს საქართველოს 142-ე პატრიარქი დღესვე დაასახელებს) რომელიც მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი-ში იმართება.

დებულება ასევე განსაზღვრავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი აირჩევა სამუდამოდ სიცოცხლის ბოლომდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები