ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში მოსახლეობა კომპიუტერების შესაძენად ვაუჩერებს მიიღებს. რა პრინციპით შეირჩევიან ბენეფიციარები, რა მოცულობის დაფინანსებაა ამ პროექტისთვის გამოყოფილი და როდიდან დაიწყება ვაუჩერების დარიგება, - თემაზე “საქმიან დილასთან“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერი ბესო აბულაძე საუბრობს.
-ბატონო ბეს, რას ნიშნავს ვაუჩერების სისტემა და როგორ მოხდება მოსახლეობისთვის მათი გადაცემა?
-სანამ ამ პროექტზე ვისაუბრებთ, გაცილებით დიდი პროექტის შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომლის ნაწილიც არის სწორედ ეს პროგრამა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს ახორციელებს, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და იგი სამ ძირითად კომპონენტს შეიცავს. პირველი კომპონენტია საქართველოს მასშტაბით ინოვაციების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და აქცენტი რეგიონებზე კეთდება. კერძოდ, 8 მსხვილ ქალაქში და 50 დაბასა და სოფელში გათვალისწინებულია ინოვაციების ცენტრების მოწყობა, რომელიც კომპიუტერული ტექნიკითა და ასევე სპეციალიზებული სამრეწველო ლაბორატორიებით აღიჭურვება. საქართველოს ქალაქებში რეგიონების მასშტაბით არსებობს გარკვეული ანალოგიური ტიპის ცენტრები, იგივე იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების ცენტრები, მაგრამ ჩვენი აქცენტი სწორედ იმ სოფლებზე და დაბებზე იქნება, სადაც ანალოგიური სერვისები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არაა. აღნიშნული სერვისების შერჩევის პროცესში სწორედ ეს ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. მეორე კომპონენტი, რომელიც პირველ კომპონენტს ბუნებრივად ავსებს, ეს არის ინოვაციების სერვისები, ანუ ტრენინგის კურსების ჩატარებაა გათვალისწინებული და არა მარტო, კომპლექსური საგანმანათლებლო კომპონენტის, რომელიც მოსახლეობის უნარ-ჩვევების ამაღლებას ითვალისწინებს საბოლოოდ დასაქმების მიზნით. შეზღუდვა არ გვაქვს, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და პროექტის მასშტაბით უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, პროექტს დაახლოებით 150 000 ბენეფიციარი ეყოლება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინოვაციებსა და ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების ჩამოყალიბებაა, რათა კომპიუტერული წიგნიერება ამაღლდეს. აქ მოხდება, როგორც კომპიუტერული ზოგადი უნარ-ჩვევების ამაღლება, ასევე მოწინავე ტექნოლოგიებში, ელექტრონულ კომერციაში ტრენინგები, რაც კომპლექსურად გამოიწვევს იმ მიზნის მიღწევას, რომ საბოლოო ჯამში დასაქმების დონის ამაღლება მოხდეს საქართველოს რეგიონში. მესამე კომპონენტი ე.წ. ინოვაციების დაფინანსება, აქ უკვე მცირე მეწარმეების დაფინანსება მოხდება.
-სამივე კომპონენტი რა პერიოდს მოიცავს?
- ეს პროექტი 2020 წლამდეა გათვალისწინებული. წელს უკვე საპილოტო ცენტრები გაიხსნება და თანმიმდევრულად მთელ საქართველოს მოიცავს.
-ვაუჩერიზაციაზე რას გვეტყოდით, დეტალები ვიცით რომ დაზუსტებული არ არის, მაგრამ მოდელი თუ არსებობს რომლითაც იხელმძღვანელებთ?
კონკრეტული კვლევა გაკეთდა, მათ შორის მოსახლეობის გამოკითხვა და იდენტიფიცირებული იქნა სამი სახის ბარიერი, რაც მოსახლეობას ხელს უშლის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაზე. მე არ ვსაუბრობ ფიზიკურ ხელმისაწვდომობაზე ინტერნეტზე. ეს სხვა პროგრამით ხორციელდება. ჩვენ შემთხვევაში ეს სამი ბარიერი შემდეგია: 1)კომპიუტერების დაბალი ხელმისაწვდომობა, 2)მაღალი ერთჯერადი საინსტალაციო ხარჯი 3)კომპიუტერული წიგნიერების დაბალი დონე. მესამე ბარიერზე უკვე აღვნიშნეთ, რომ ტრენინგები და სწავლება მოხდება. პირველ და მეორე ბარიერებს მე გავაერთიანებდი. სწორედ აქ დაიგეგმა თანადაფინანსება, ამას შესაძლოა სუბსიდირება ვუწოდოთ. სწორედ ამ ორი ბარიერის დასაძლევად დაიგეგმა, რომ მოსახლეობის ფინანსური ხელშეწყობა მოხდება. კომპიუტერების ნაწილში 10-დან 20%-მდე მოხდება თანადაფინანსება. ეს ის 20%-ია, რომელსაც როგორც წესი ბანკები ითხოვენ, რომ მომხმარებელი განვადების პროგრამაში ჩაერთოს. შესაბამისად, ეს ბარიერი დაძლეული იქნება.
-რამდენი ბენეფიციარი შეიძლება ამ 9 მილიონით დაკმაყოფილდეს?
-წინასწარი გათლებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 30 000 ოჯახი ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით. თუ ავიღებთ თანადაფინანსების კომპონენტს 10-დან 20%-მდე და შემდეგ ერთჯერადი ინსტალაციას, ჯამში დაახლოებით 360 ლარს ვფიქრობთ, რომ ერი ოჯახი მიიღებს. დეტალები ახლა დამუშავების პროცესშია და დაახლოებით რამდენიმე დღის წინ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ჩართულები იქვნენ ინტერნეტ-პროვაიდერები, ტექნიკის მაღაზიები, ბანკები და ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აღნიშნული დეტალების ჩამოყალიბებაში მიიღებს მონაწილეობას. მოთხოვნაც დიდი იქნება და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ზუსტად იმ სეგმენტზე მოხდეს მორგება.

























