საქართველოს ადგილი რომ ევროპაშია, ამაში დარწმუნებული ვარ,- ამის შესახებ BM.GE-ს "კოდას“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა.
მან BM.GE-სთან ინტერვიუში წელი შეაჯამა, ასევე გეგმებსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
- როგორი იყო "კოდასთვის" მიმდინარე წელი, გაყიდვების ნაწილში როგორი შედეგები გაქვთ?
ნორმალური წელი იყო. 2023 წელთან შედარებით, კვერცხის გაყიდვების დაახლოებით 5%-იანი მატებაა. 95 მილიონამდე კვერცხი გაიყიდება წლის ბოლომდე. ქათმის ხორცის გაყიდვები იგივე დონეზეა.
- ფასებზეც რომ გვითხრათ, იგეგმება მატება?
მიმდინარე წელს ფასების ზრდა არ მომხდარა, თუმცა 2025 წლის დასაწყისში ძალიან მინიმალურ, სადღაც 3%-მდე მატებას ვგეგმავთ, რადგან მარცვლეული პროდუქციის ფასი ძალიან გაძვირებულია, დაახლოებით 15%-დან 20%-მდე მოიმატა ფასმა სხვადასხვა კულტურაზე.
- კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები საუბრობენ ხოლმე იმპორტთან კონკურენციის გამოწვევაზე. თქვენი შეფასებით, როგორია ამ მიმართულებით ვითარება?
დაახლოებით ერთი თვეა, იმპორტირებული კვერცხი არ შემოსულა. ეს ვეტერინარული მიმართულებით პრობლემებს უკავშირდება, რაც მეზობელ ქვეყანას ჰქონდა, თუმცა უკვე დასტაბილურდა და ველით, რომ ისევ გაგრძელდება იმპორტი. ჩვენ იმპორტს ფასით ვერანაირად კონკურენციას ვერ ვუწევთ, რადგან დემპინგური ფასით შემოდის კვერცხი. ამ ქვეყნებს, საუბარია ძირითადად თურქეთზე, ზედმეტი წარმოება აქვთ და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასად გაყიდიან.
- დემპინგის საკითხზე ხომ არ მიმართეთ უკვე ან გეგმავთ კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას?
ჯერჯერობით არ მიგვიმართავს, მაგრამ თუ კიდევ გაიზარდა პრობლემები და დიდ პრობლემას დავინახავთ, აუცილებლად მივმართავთ.
- თუ გაქვთ სხვა გამოწვევები, მათ შორის რა ვითარებაა ქსელებში რეალიზაციის მიმართულებით?
რითეილი, როგორც ყოველთვის, პრობლემატურია. ქსელური კომპანიები ითხოვენ განსაკუთრებულ პირობებს და ა.შ. და არის დიდი ბრძოლა, რომ მწარმოებლებმაც დავიტოვოთ რაღაც მარჟა ჩვენთვის და რაღაცნაირად ჩვენი ინტერესები დავიცვათ.
- როგორია კომპანიის გეგმები 2025 წლისთვის?
გვინდა, რომ კვერცხის წარმოება გავზარდოთ. ბიუჯეტირებული რაც გვაქვს, დაახლოებით 5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
- მიმდინარე მოვლენებზეც მინდა გკითხოთ. შეიქმნა თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა, სადაც ხელმომწერი ბიზნესები უერთდებიან ორ მოთხოვნას: ახალ არჩევნებს და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. თუ აპირებთ შეუერთდეთ და როგორია თქვენი პოზიცია?
პლატფორმაზე დარეგისტრირება არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ადგილი რომ ევროპაშია, ამაში დარწმუნებული ვარ.
- თუ აისახა ან ელით, რომ აისახება არსებული არასტაბილურობა თქვენს საქმიანობაზე თუ გეგმებზე?
ჩვენი პროდუქტი ფაქტობრივად პირველადი მოხმარების არის, აქედან გამომდინარე, ასეთი კრიზისული სიტუაციები რყევას არ იწვევს ჩვენი მიმართულებით.