მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?

 მარნიქს ვან რეი

საქართველოს ამ ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა ქვეყნის პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია - ამის შესახებ სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიულმა დირექტორმა, მარნიქს ვან რეიმ განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს დღეს IMF-ის მოქმედი პროგრამა არ აქვს. წინა, $280-მილიონიანი პროგრამა კი, 2023 წელს შეჩერდა და მიმოხილვის გარეშე დასრულდა. მთავარი მიზეზი - ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და ინსტიტუციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვები იყო.

მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია, იზრდება საერთაშორისო რეზერვები და კონტროლდება საბიუჯეტო დეფიციტი. ამასთან, ვან რეიმ ყურადღება გაამახვილა იმ საგარეო რისკებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა გლობალური და რეგიონული მოვლენების ფონზე დგას.

„მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, ინფლაციური ზეწოლა და უკრაინაში ომის გავლენა... ამ ეტაპზე ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება, თუმცა პოტენციალის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მარნიქს ვან რეიმ.

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა სსფ-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე „მმართველთა საუბრები" განიხილეს. ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობდა.

სესია, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი ცვალებად სამყაროში პერსპექტივები საქართველოს ეროვნული ბანკისგან“, სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა ძლიერი საგარეო შოკებისა და ინფლაციური ზეწოლის პირობებში ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა იყო.

ჯიჰად აზურის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი განიხილეს, მათ შორის, სხვადასხვა შოკთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ეკონომიკური ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მიმართულებით.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ქალბატონ თურნავასთან ერთად გვესაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა შოკებთან გამკლავების, ეკონომიკის სტაბილიზაციის, ბუფერების გაზრდისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების კუთხით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას“, - განაცხადა ჯიჰად აზურმა სესიის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეფორმები და პოლიტიკა, რომლებმაც საქართველოს არსებული გაურკვევლობების პირობებში გამკლავებაში დაეხმარა.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება და მდგრადობის გაძლიერება შეძლო.

თურნავას ინფორმაციით, 2023-2025 წლებში საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2.5% იყო, რაც ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ენერგეტიკული შოკისა და საწვავის ფასების ზრდის ფონზე, წლიურმა ინფლაციამ 5.6%-ს მიაღწია, თუმცა საბაზო ინფლაცია 3.5%, მომსახურების ინფლაცია კი 3.7% იყო.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაბალი ინფლაციის პარალელურად, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, რათა ინფლაციური მოლოდინები შეენარჩუნებინა და ფასებზე შოკების მეორე რაუნდის გავლენა შეეზღუდა.

„მმართველთა საუბრები“ ყოველწლიურად იმართება და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. წელს დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს გარდა, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, ვენესუელისა და რუანდის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები