საქართველოს აქვს პოტენციალი გერმანიიდან მოვიზიდოთ ძალიან დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუხა ბახტაძემ განაცხადა. ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს და ის დადებითად შეაფასა.
„ამ ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაცხადდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკული მისწრაფებების მიმართ.
ამავე დროს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბდა გერმანიასა და საქართველოს შორის, ავსახოთ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებშიც. ნაყოფიერად წარიმართა ბიზნესფორუმი, რომელიც ჩატარდა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ გერმანიიდან მოვიზიდოთ ძალიან დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამავე დროს განვახორციელოთ რეგიონული და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდივერსიფიკაციის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე პერიოდში კიდევ უკეთ გამოჩნდება იმ ეკონომიკური პოტენციალის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელიც ჩვენ დავისახეთ მიზნად“,- აცხადებს ბახტაძე.