მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტას განცხადებით, საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპისა და აზიის შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში ქართული მწარმოებლების მონაწილეობას ეხება.
უწყების ცნობით, გამოფენა Fruit Attraction 2025-ში ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობდა ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები: "ბლუ ბერდ ბერიზ”, „გოლდენ ფარმსი”, "S.R.T”, "აგროლეინი”, "აგრო ველი”, "ჯენტრი ინვესტმენტსი”, "ალფაინ სფაისიზი”, "აგრითაჩი”, "ხონის პლანტაციები”.
"გამოფენის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე, ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორ შოთა ცუკოშვილთან და ქართულ პავილიონში წარმოდგენილ ლურჯი მოცვის მწარმოებლებთან ერთად, მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარიო სტეტას შეხვდა.
შეხვედრაზე ქართული მოცვის სექტორის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობა", - წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესრელიზში.
ცნობისთვის, საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2,200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 120 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.





























