„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრმა დავით საგანელიძემ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2018“-ში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც აქვს პოტენციალი რეგიონში არბიტრაჟის ცენტრად ჩამოყალიბდეს.
„საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. პოტენციურ ინვესტორს კი სჭირდება თავისი ინვესტიციის დაცვის მყარი გარანტიები. შესაბამისად, საქართველოში სანდო საარბიტრაჟო დაწესებულებისა და ამ მიმართულებით, სტაბილური გარემოს არსებობა ინვესტიციების დაცვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. უცხოელი ინვესტორები პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების წინაპირობად კონკრეტული ქვეყნის დავების გადაწყვეტის ეფექტიანი ალტერნატიული მექანიზმების არსებობას ასახელებენ. ასე რომ, ქვეყანაში სანდო და მიუკერძოებელი საარბიტრაჟო დაწესებულების, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა, ერთერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენს საქართველოს საინვესტიციო გარემოს განსავითარებლად. ხოლო საქართველოს ფინანსურად ეკონომიური გარემო, არბიტრაჟს მორგებული თანამედროვე საკანონმდებლო ბაზა, ბიზნესის წარმოების გამარტივებული პროცედურები და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იძლევა იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონის ლიდერად იქცეს,“ – განაცხადა დავით საგამელიძემ.

























