მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკი" კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

5c87c6799c9fc
BM.GE
12.03.19 18:36
586
"საქართველოს ბანკმა" საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

როგორც ბანკში განმარტავენ, გამარჯვებულ პროექტებს „საქართველოს ბანკი“ 50 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსებს. ჯამში, ამ მიმართულებით, 250 ათას ლარამდე დაფინანსება გაიცემა.

"საქართველოს ბანკის" ფონდ "სიცოცხლის ხის" მიერ ორგანიზებული კონკურსი მესამე წელია ტარდება. საგრანტო კონკურსის მიზანი კი ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსებაა, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას, უზრუნველყოფს. 2018 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 143-მა პროექტმა მიიღო, 5 გამარჯვებული კი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა, დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა.

"საქართველოს ბანკი" გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს:

სოციალური საწარმო-მოირგე

პროექტის მიზანია ქ. ზესტაფონში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სავარძელ-ეტლების წარმოება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საშუალო და მძიმე მოტორული შეზღუდვის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის და მობილობის გაუმჯობესების მიზნით.

საინიციატივო ჯგუფი "თეატრო მობილე"-ს პროექტი - "ფორთოხლისფერი ავტობუსი" 

"ფორთოხლისფერი ავტობუსი" წარმოადგენს მობილურ, ადაპტირებულ თეატრალურ სივრცეს, 25 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით, სადაც შესაძლებელი იქნება თითების, თოჯინური, ჩრდილების და მონო სპექტაკლის გამართვა. ასევე, უფრო ფართო აუდიტორიისთვის ღია ცის ქვეშ წარმოდგენის მოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს, თეატრი გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მთაში, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე, სოფლებში, გაიმართოს ქუჩის პერფორმანსები, სპექტაკლები. თეატრალური ავტობუსი ადაპტირებული და მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებასა და მასპინძლობას, ასევე მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

პოლიეთილენის ნარჩენების მართვა- Plastic watcher

პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოს შექმნას პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების ნივთების შესაქმნელად. საწარმოს მიზანია, საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე პოლიეთილენის პარკის ნაკლებად მოხმარების, გარემოს პარკებით დანაგვიანებისგან დაცვის მიზნით. საწარმოში დასაქმდებიან შშმ პირები.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი - ბაბალეს ჭრელი წინდები

სოციალური საწარმოს მიზანია ბაბალეს ჭრელი წინდების წარმოება. საქმიანობიდან შემოსული მოგება მოხმარდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობის, მოზარდთა წინაპროფესიულ მომზადებას. წინდების ნაწილი შეიქმნება ბენეფიციარების ნახატების გამოყენებით. საწარმოს შექმნის შედეგად მოხდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.

ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი - "ინკლუზიურობა მოდაში"

პროექტი გულისხმობს ინოვაციური სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დანერგავს ინოვაციურ პროდუქტს - "ფერადი, თერაპიული, ადაპტური და საორსულე სამოსი". შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტანისამოსი, დაეხმარება მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ტანისამოსის შექმნაში კი თავადაც მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი საორსულე და ინტერაქტიული თერაპიული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა კი ორსულ ქალბატონებსაც მიეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები