საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს მიზანდასახული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობით საქართველოში ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება, ისწავლონ მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებში და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ფინანსური ხელშეწყობით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 23 საუკეთესო სტუდენტი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი გამარჯვებული: სოფიო ჯაფარიძე, გიორგი კვინიკაძე და მარიამ შურგაია შეემატა. სოფიო ჯაფარიძე კიბერ უსაფრთხოების მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვარვიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, გიორგი კვინიკაძე მონაცემთა მეცნიერებისა და მანქანური სწავლების მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ხოლო მარიამ შურგაია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, „ლიდერობა განათლებაში“
მიიღებს მაგისტრის ხარისხს.
აღსანიშნავია, რომ ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი.
„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შექმნას ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაა. ჩვენ უკვე 23 გამორჩეულ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში განათლება. გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად
სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ შესაძლებლობით. რადგან გვჯერა, რომ განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნიან. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის CSR
მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
2024-2025 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება აგვისტოს დასაწყისში დაიწყება და 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/
ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს.
ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
დღესდღეობით კი მათი რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს. 2013 წელს საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური ინსტიტუტი ხელს უწყობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება,
წარმატების მიღწევა და უკეთესი მომავლის შექმნა სურთ, საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ.
R