მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა – მომავალი მეცნიერები იზრდებიან აქ

STEM
BM. GE
01.11.23 12:59
62
სტატიაში საუბარია:

STEM-ი მომავლის პროფესიებს აერთიანებს - მიმართულებებს, რომლებიც ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება. საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა სწორედ ის სფეროებია, რომლებიც ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავენ და მომავლის სტანდარტებს აწესებენ.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. რაც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის უკეთესი, უფრო განვითარებული მომავლის შექმნას განაპირობებს. ამისათვის ფინანსური ინსტიტუტი კომაროვის სკოლას დაუმეგობრდა.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი - STEM-ის ონლაინ სკოლა, რომელიც მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს ერთწლიან სასწავლო კურსებს სთავაზობს.

სასწავლო პროცესს კომაროვის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს ამ მიმართულებებით დაინტერესებულ, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე მცხოვრებ მოსწავლეს, ჩაერთოს STEM სკოლაში და მიიღოს ხარისხიანი განათლება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. STEM-ის ონლაინ სკოლაში 400-მდე მოსწავლე სწავლობს. მათგან 100-მდე ახალგაზრდას საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა მოწყობილობით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ყოველი მოდულის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესარჩევ ეტაპზე ტესტირებაში მიღებული ქულების მიხედვით სტიპენდიატებს გამოავლენს და მათ სწავლას სრულად დაუფინანსებს.

ახლახან სკოლაში მეორე მოდული დაიწყო. პროექტის დაწყების დღიდან კი აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.

STEM სკოლის მნიშვნელობის შესახებ კომაროვის სკოლის დირექტორი, ივანე კვიტაშვილი გვესაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, პროექტისადმი მაღალი ინტერესი იძლევა იმედს, რომ მომავლის საქართველო და თაობა ტექნოლოგიურ პროგრესს ფეხს აუწყობს.

სასწავლო პროცესზე საუბრისას კი ამბობს, რომ მის დაგეგმვას დიდი დრო ეთმობა, რადგან სასწავლო გეგმა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკებსა და მიდგომებს, რათა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული და მარტივად აღქმადი გახადონ.

,,სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს სპეციალურ პლატფორმებზე და შედგება ორი მოდულისგან. კურიკულუმი მაღალი დონის პეციალისტების მიერაა შედგენილი დასავლური გამოცდილებისა და პრინციპების მიხედვით, პროფესიონალების მიერ შემუშავებულია მეთოდები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მოსწავლეებისგან მაქსიმალური ინტერაქციის მისაღებად. STEM სწავლების მთავარი პრინციპი სწორედ ინტერაქციაა, მასწავლებლები მზად არიან, უპასუხონ ნებისმიერ კითხვას, სწორედ კითხვების დასმით იქცევა ცნობისმოყვარეობა მეცნიერებად“.

კომაროვის სკოლის დირექტორის თქმით, მუდმივად იმართება შეხვედრები პროექტის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით. რაც ხელს უწყობს სკოლის თანამედროვე პრინციპებზე მორგებას და მოსწავლეებისთვის გამორჩეული სასწავლო გამოცდილების შექმნას. ამასთან, კომაროვის სკოლა ახალგაზრდებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიული ცოდნით უზრუნველყოფს, რაც STEM მიმართულების პრინციპებს მათთვის უფრო მარტივად აღქმადს ხდის.

"მოსწავლეები იღებენ საბაზისო ცოდნას მიკროკონტროლერების შესახებ, რომლებითაც შესაძლებელია სმარტ მოწყობილობების შექმნა, მაგალითად, მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად გაზომოს ტენიანობა, წნევა, ქარის სიჩქარე, მიიღოს ინფორმაცია ულტრაბგერითი სენსორებით და მართოს პროცესები. ასევე, შეისწავლოს და გამოიყენოს პლატფორმა Tinkercad“.

როგორც ივანე კვიტაშვილი აღნიშნავს, STEM სკოლა მომავლის პროექტია, რომლის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ ინიციატივა მოსწავლეებს საბაზისო ცოდნით უზრუნველყოფს, ის შესაძლებლობას აძლევს მათ, მიღებული ცოდნა მომავლის პროფესიების ბაზისად აქციონ.

„ციფრული და ელექტრო ინჟინერიის, რობოტიკის მიმართულებით სპეციალისტები გლობალურ შრომით ბაზარზე მოთხოვნადია, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიას და აფინანსებს პერსპექტიულ სტუდენტებს. მაქვს იმედი, რომ STEM სკოლის მოსწავლეები ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ, შეძენილ უნარებსა და რესურსებს კი საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართავენ“.

როგორც რესპოდენტი აღნიშნავს, ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ბარიერების შემცირებაა.

STEM განათლებასაც არ უნდა ჰქონდეს ბარიერები. ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივის მიზანი, საცხოვრებელი ადგილის თუ ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, ნებისმიერი ახალგაზრდის პროექტში ჩართვის შესაძლებლობით უზრუნველყოფაა, ვისაც მოსწონს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, აინტერესებს, როგორ ვაქციოთ ფანტაზიის ნაყოფი ხელშესახებ საგნად.

ამასთან, საქართველოს ბანკის სტიპენდიატ მოსწავლეებს უფინანსდებათ არა მხოლოდ სრული კურსის საფასური, არამედ გადაეცემათ შესაბამისი მოწყობილობები, რათა დაბრკოლებების გარეშე შეძლონ სასწავლო პროცესში მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები