29 მარტს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა "საქართველოს ბანკის" ჯგუფის მიერ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, "ამერიაბანკის" შეძენაზე თანხმობა გასცა, შესაბამისად, მხარეები შეძენის შეთანხმების დასრულების ეტაპზე გადადიან.
ცნობისთვის, 14 მარტს BOGG PLC-ის აქციონერთა კრებაზე "ამერიაბანკის" შეძენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 100%-იანი თანხმობით იქნა მიღებული.
ჯგუფი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასტური მიიღეს და შეთანხმების დასრულებისთვის სომხური მხარის თანხმობა იყო საჭირო, რაც 29 მარტს მიიღეს კიდეც.
"საქართველოს ბანკის" ჯგუფმა სომხეთის წამყვანი ბანკი 303,6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. "ამერიაბანკი" კი ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს, ამასთან, შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორატიულ იდენტობას.
როგორც საქართველოს ბანკის ჯგუფში აცხადებენ, ტრანზაქცია BOGG PLC-ს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული არეალი მეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. საქართველოს ბანკის ჯგუფის გამოცდილება კი ამერიაბანკის არსებულ, მაღალკვალიფიციურ მენეჯმენტის გუნდს დაეხმარება, ბანკის განვითარებისთვის დასახულ მიზნებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოს.
ამერიაბანკი მრავალფეროვანი არხების და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტსა და სერვისს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. წამყვან პოზიციასთან ერთად, „ამერიაბანკს“ აქვს მაღალი პოტენციალი კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და ზრდის, განსაკუთრებით საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფის მიერ ამერიაბანკის შეძენის გამოცხადების შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.