საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტის" ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების ფასი გასულ კვირას 0,2%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (-0.2% წინა კვირასთან შედარებით), 10.8%-იანი შემოსავლიანობით.
რაც შეეხება "საქართველოს ბანკის" ჯგუფის ევროობლიგაციას, დაიხურა 5.6%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 101.9 (+0.5% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 105.6 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 5.1%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 110.7 ფასად (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 5.3%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 111.6 (+0.2% წინა კვირასთან შედარებით), 3.6%-იანი შემოსავლიანობით.
"საქართველოს ბანკმა" საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციები მაისის ბოლოს განათავსა. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის.

























