საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი „თუმო ქუთასი“ ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრმა მოსწავლეების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. პირველ ეტაპზე, ცენტრში ტექნოლოგიურ განათლებას სრული დაფინანსებით 600 მოსწავლე იღებს.
თუმო ქუთაისი 12-18 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი სივრცეა თვითმართვადი სწავლების მიდგომით, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები და იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ცენტრის უნიკალური სასწავლო მოდელი აერთიანებს ინტერაქციულ თვითსწავლის მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, ანიმაცია, თამაშების შექმნა, მუსიკა, 3D მოდელირება და სხვა მიმართულებები.
პროექტი საქართველოს ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული განათლების განვითარებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და მომავლისთვის საჭირო უნარების მქონე კადრების მომზადებას.
„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არაერთი წელია, ვახორციელებთ და მხარს ვუჭერთ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. თუმოს ქუთაისში გახსნით კი, ვქმნით კიდევ ერთ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, იფიქრონ ახალ იდეებზე და განივითარონ ის უნარები, რომლებიც მომავალში გამოადგებათ. გვჯერა, რომ ეს ცენტრი ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელების ადგილად იქცევა“, — აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. პროექტებს შორისაა STEM სკოლა, რეგიონების სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეების, იდეათეკების მოწყობა, მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მსურველებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები და სხვა ინიციატივები. ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, განივითარონ მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
თუმოს ისტორია 2011 წელს ერევანში დაიწყო. დღეს ცენტრები მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ალბანეთში.
























