მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მობილბანკისა და ინტერნეტბანკის გუნდის ლიდერმა, ლუკა ქობალიამ Spotilght Tech 2024-ზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა

Spotilght Tech 2024
07.06.24 16:37
340
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 1-2 ივნისს Spotlight Tech 2024 გაიმართა. Spotlight Tech ღონისძიებაა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, გაეცნონ ახალ იდეებს, გაცვალონ გამოცდილება და გააფართოონ სანაცნობო წრე. Spotlight Tech 2018 წლიდან იმართება და ის სპიკერებსა და აუდიტორიას ყოველწლიურად სხვადასხვა კონცეფციის ირგვლივ აერთიანებს. წლევანდელი ღონისძიების თემა „გაკვეთილები“ იყო.

ღონისძიებაზე ლუკა ქობალიამ, საქართველოს ბანკის მობილბანკისა და ინტერნეტბანკის გუნდის ლიდერმა საკუთარი გამოცდილება გააზიარა და ინოვაციური პროდუქტების არსებული ჩარჩოებიდან გამოსვლით შექმნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„გაკვეთილები და მათზე დაყრდნობით სწავლა, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი და ყველასთვის გასაგები ცნებაა, თუმცა ხშირად სიღრმისეულად არ ვეძიებით და გვავიწყდება მათი მნიშვნელობა. ჩემთვის მთავარი გაკვეთილი, რაც აუდიტორიას გავუზიარე, ჩარჩოებსა და ინოვაციებს შორის რეალური დამოკიდებულებების აღმოჩენაა. გავაზიარე სტარტაპსა და ენტერპრაიზში მუშაობის გამოცდილებაც და აღმოჩენები, რაც ამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ორგანიზაციებში გვხვდება“, - აცხადებს ლუკა ქობალია, რომლის პრეზენტაციის სახელწოდება იყო „Thinking inside the box”. (ფრაზა შეტრიალებული ვერსიაა ცნობილი გამონათქვამისა “think outside the box”, რომელიც შემოქმედებით აზროვნებას გულისხმობს.)

„თუ ჩვენ თავს დავაჯერებთ, რომ ჩარჩოები არ არსებობს და ასე დავიწყებთ ფიქრს, საბოლოო ჯამში, მარცხი გარდაუვალია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ბარიერი რაც დღეს რეალობაში არსებობს, სრულად აღვიქვათ და სწორედ ამ ჩარჩოების შიგნიდან ვიფიქროთ გარეთ“, - განმარტავს ლუკა ქობალია.

სპიკერის თქმით, Spotlight იდეალური ადგილია საზოგადოებისთვის საკუთარი გამოცდილებებისა და მიგნებების გასაზიარებლად.

„გაზიარება ადამიანებს შორის მეტი ემპათიურობისა და ერთობის შეგრძნებას აჩენს, რასაც შეუძლია ეს სფერო კიდევ უფრო დიდი ტემპებით განავითაროს საქართველოში. ეს ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.“

ლუკა ქობალია საქართველოს ბანკის გუნდის წევრია 2022 წლიდან. მისი ყოველდღიური საქმიანობა გუნდთან ერთად მობილბანკისა და ინტერნეტბანკის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრას და ინოვაციების დანერგვას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები