საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ, ამ მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და Balance-თან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის პროექტის - „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ შესახებ შეხვედრა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და სასტუმროების მფლობელებისთვის იყო საინტერესო. ასევე, ბუღალტრებისთვის, მენეჯერებისთვის, დირექტორებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის.
ღონისძიებაზე მისული სტუმრები გაეცნენ თუ რა თანადაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ციფრული ბუღალტერიის პროექტში ჩართულ კომპანიებს; ასევე მიიღეს დამატებითი ინფორმაცია Balance-ისა და Cloud-ის აღრიცხვიანობის მთავარ უპირატესობებზე, რომლებიც ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.
ბუღალტერიის განვითარების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებას 50 კომპანია მიიღებს, რომლებმაც პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. კომპანიებს ასევე ადგილზევე შეეძლოთ დარეგისტრირება.
„მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს, დღეს ყველაზე მეტად ბიზნეს პროცესებისა და მათ შორის ბუღალტერიის სწორი და დროული აღრიცხვა სჭირდება. კომპანიის ფინანსურ ინფორმაციაზე სწრაფად წვდომა ის მინიმალური კომფორტია, რაც მენეჯერებმა საკუთარ თავს უნდა შეუქმნან. ბალანსი თავის დროზე სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბუღალტრებსა და მენეჯერებს ერთ სივრცეში ემუშავათ, თან ბაზასთან წვდომა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჰქონოდათ - ეს ქლაუდ ტექნოლოგიის მთავარი კომფორტია, უსაფრთხოებასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან ერთად. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ კი ის პროექტია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მენეჯერსა და ბუღალტერს მივაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ ბიზნესის გაციფრულებაში“- განაცხადა Balance-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, მარიამ მამულიამ.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი კომპანია, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ციფრული ბუღალტერიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად უკვე არა ერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები, პროგრამაში ჩართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან სწორი და დროული აღრიცხვიანობა ბიზნესს სამომავლო წარმატების მიღწევაში ეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.
NS