საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარებისა და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის ხელმძღვანელის, ეკა ჭურაძის განცხადებით, ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამის ფარგლებში წელს 500 ქალი მეწარმე გადამზადდა.
როგორც ის ამბობს, პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით ხორციელდება და უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. წელს განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში მცხოვრები ქალი მეწარმეების გაძლიერებას დაეთმო.
ჭურაძემ BMGTV-ის გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" ასევე განმარტა, რომ პროგრამა რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამთვიანი საგანმანათლებლო კურსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები, მათ შორის, სტრატეგიულ დაგეგმარებას სწავლობენ.
„პროგრამის ფარგლებში 500 ქალი მეწარმის გადამზადება მოხდა. აღსანიშნავია, რომ გარდა თბილისისა, რეგიონებში გავაძლიერეთ ქალი მეწარმეები. პროგრამა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო მიმართულებაა: სამი თვის განმავლობაში ქალებმა მნიშვნელოვანი კურსები გაიარეს, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმარებაში. სწავლების შედეგად მათ მეტი შესაძლებლობა მიეცათ, დაინახონ დიდი სურათი, გამოავლინონ გამოწვევები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ“, - განაცხადა ჭურაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მოქმედ ბიზნესებს საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების 90%-ს უფინანსებს. პროგრამა კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის, საგადასახადო და მარკეტინგის მიმართულებებით კონსულტაციების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მისი მიზანია, ბიზნესებმა პროფესიული დახმარებით საქმიანობაში არსებული გამოწვევები მოაგვარონ. საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება შესაძლოა, რამდენიმე ათეულ ათასს აღწევდეს, ამიტომ თანადაფინანსება კომპანიებს ამ მომსახურების მიღებას უმარტივებს.
„ბიზნესს, რომელსაც კონსალტინგი სჭირდება, მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვის, საგადასახადო ან მარკეტინგის მიმართულებით, შეუძლია პროექტში ჩაერთოს. ეს არის კომპანია, რომელსაც მიმდინარე ეტაპზე გამოწვევები აქვს და პროექტის დასასრულს ეს გამოწვევები უკვე მოგვარებული აქვს. როდესაც კონსალტინგი შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი ღირდეს, 90%-იანი თანადაფინანსება ნამდვილად ძალიან დიდი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა ეკა ჭურაძემ და დასძინა, რომ ბიზნესის მხარდაჭერის 360-გრადუსიანი პროგრამა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ მოიცავს და მეწარმეებს საკონსულტაციო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებსაც სთავაზობს.
























