მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" სტიპენდია თსუ-ის სტუდენტებისთვის

ბოგი
BM. GE
16.10.23 14:38
48
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკმა მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტების მხარდასაჭერად ახალი, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის 13 პარტნიორი უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბანკი შერჩეულ სტუდენტებს სწავლას 100%-ით ან ნაწილობრივ დაუფინანსებს.

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე, აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც მისი უნივერსიტეტი სტიპენდიის მოსაპოვებლად განსაზღვრავს და აინტერესებდეს საბანკო საქმიანობა, ბიზნესი, არქიტექტურა, ტექნოლოგიები ან უნივერსიტეტების მიერ პრიორიტეტული მიმართულებები (იქნება ეს მედიცინა, ისტორია თუ სხვა).

მასშტაბურ სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. იმის შესახებ, თუ ვინ შეძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვებას, რა კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული და რომლებია პრიორიტეტული მიმართულებები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერს, ლაშა საღინაძეს, ვესაუბრეთ.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა ბაკალავრიატის საფეხურის იმ 10 სტუდენტს ექნება, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

 
პირველ რიგში, სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ამასთან ერთად, არ უნდა სარგებლობდეს სხვა ტიპის სტიპენდიით უნივერსიტეტის ფარგლებში. სტიპენდიის მიღება შეუძლია შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტს, ამასთან 10 საუკეთესო სტუდენტში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 3 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი. რადგან დაფინანსება სემესტრულია, ჩვენც 10 საუკეთესო სტუდენტს სემესტრულად 1125 ლარის მოცულობის სტიპენდიას დავუწესებთ", - ამბობს ლაშა საღინაძე.

იმ ეტაპების შესახებ, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროს, უფრო დეტალურად ინფორმაცია უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება. როგორც ლაშა საღინაძე აღნიშნავს, პირველ ეტაპზე აკადემიური მოსწრება და ის პირობაა საჭირო, რომ სტუდენტი სხვა ტიპის სტიპენდიით არ სარგებლობდეს. შემდეგ ეტაპზე აპლიკანტებისგან 10 საუკეთესო სტუდენტი შეირჩევა და მათთან უნივერსიტეტის კომისია გასაუბრებას გამართავს. გასაუბრების საფუძველზე კი, სტიპენდიატთა შემადგენლობა საბოლოოდ დადასტურდება.

ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, როგორც საქართველოს ბანკის, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების მთავარი მიზანი სტუდენტების მოტივირება და იმის შეხსენებაა, რომ შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება. სწორედ ამიტომ, ყველა მონდომებულ სტუდენტს ახალი შანსი ეძლევა, რათა თავიანთი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდნენ და სწავლის მიმართ კიდევ უფრო მოტივირებულები იყვნენ. 

"რაც შეეხება სასტიპენდიო კონკურსის შესახებ რჩევას, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრებაა, ამასთან მნიშვნელოვანია, იაქტიურონ და სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებსა და კონფერენციებში ჩაერთონ. მოგეხსენებათ, თსუ-ში 25 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. შესაძლოა, ბევრს კითხვა გაუჩნდეს 10 სტიპენდიის ადგილი რამდენად გაუზრდის მოტივაციას სტუდენტს, თუმცა ყველა შემიძლია დავარწმუნო, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, თუმცა მაინც ვერ ხვდებიან სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამაში, ეს მნიშვნელოვანი შანსი და მამოტივირებელი წყარო იქნება", — აღნიშნა ლაშა საღინაძემ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა ერთჯერადი არ არის და გამორჩეულ სტუდენტებს ყოველ წელს ექნებათ სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. 

სტუდენტებს სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება თსუ-ს ვებგვერდისა და შესაბამისი სასწავლო პროცესების მართვის ელ. სისტემით შეუძლიათ.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებვერდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები