ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყო და 31 მარტს უნდა დასრულდეს. შარშანდელის მსგავსად რეგისტრაციის პროცესი წელსაც სამ ეტაპად ხორციელდება, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ბაკალავრიატის სტუდენტობის მსურველებს უკვე სასურველი სასწავლებლების ჩამონათვალში "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის" მითითებაც შეეძლებათ, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის" რექტორი აკაკი ხელაძე საუბრობს.
-ბატონო აკაკი, წელს პირველად ბაკალავრიატის სტუდენტობის მსურველებს "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტზე" შეუძლიათ არჩევანის გაკეთება და რატომ უნდა აირჩიონ "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი"?
-მიუხედავად იმისა, თუ რას შემოხაზავს აბიტურიენტი, ყველას წარმატება მინდა ვუსურვო ჯერ გამოცდებზე და მერე აკადემიურ თუ პროფესიულ კარიერაში. მართალია, წელს საბაკალავრო დაემატა, თუმცა ჩვენ 2014 წლიდან ვარსებობთ საგანმანათლებლო ბაზარზე და სამი წელია ვთავაზობთ მაგისტრატურის პროგრამას, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და წელს უკვე გადავდგით ასეთი ცოტა რისკიანი ნაბიჯი იქიდან გამოიმდინარე, რომ ამ პატარა ქვეყანაში 60-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია, რაც მძაფრ კონკურენციაზე მიუთითებს. ის მიზანი, რომ მივცეთ ხარისხიანი, თანამედროვე, კარგი განათლება მაგისტრატურის დონეზე, აქაც გადავწყვიტეთ, რომ აბიტურიენტებს და სტუდენტებს იგივე სერვისი შევთავაზოთ.
-რა არჩევანი აქვთ აბიტურიენტებს, რამდენ ფაკულტეტს სთავაზობს უნივერსიტეტი?
-წელს ვთავაზობთ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას ბაკალავრიატზე მხოლოდ ამ მიმართულებას, რომელიც ფარავს ფინანსებს, მარკეტინგს, მენეჯმენტს და ეს სტრატეგიულადაც საინტერესოა, რადგან ჩვენ ხარისხზე ვაკეთებთ ორიენტაციას და რაოდენობა ოპტიმალური გვაქვს იმ კუთხით, რომ კარგადაც მოვემსახუროთ და შემდეგ კარგად დაასაქმო. მიმდინარე წელს ვაპირებთ მხოლოდ 60 სტუდენტი მივიღოთ, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ პრაქტიკულად ინდივიდუალურად მომსახურების სერვისის დონეზე კარგი ლექტორების უზრუნველყოფის დონით კარგი განათლება მივაწოდოთ, რომ შემდეგ მათი დასაქმების შანსები მაღალი იყოს. კარგი განათლების ფორმულა შეიძლება მარტივი იყოს, მაგრამ აუცილებელია კარგი გარემო, კარგი განმახორციელებელი პროგრამა, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ყველამ იცის, რომ კარგი, პროფესიონალი კადრი საკმაოდ ცოტაა, რომელიც აკადემიური კურსითაც იქნება გამოცდილი და ასევე პრაქტიკული კუთხით. მე რომ ასეულობით სტუდენტი მყავდეს, ნამდვილად გამიჭირდებოდა ყველა სტუდენტის კარგი ლექტორით დაკმაყოფილება, რადგან მაგალითად, თქვენ რომ წაიკითხოთ ჩვენთან ლექცია შეიძლება 1 ან 2 ჯგუფზე დამთანხმდეთ, მაგრამ ათივე ჯგუფზე არ დამთანხმდებით. შესაბამისად, მცირე მასშტაბი მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა სტუდენტს კარგი ლექტორითა და რესურსებით მოვემსახუროთ, დროულად მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე რეაგირება და ა. შ.
-დეტალი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რაც თითქმის ინდივიდუალურ მომსახურებას ეხება, ხომ არ არის ეს იმის უპირატესობის საფუძველი რომელიც "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს" გამოარჩევს?
-პრაქტიკულად ჩვენი წარმატება, როგორც უნივერსიტეტის იქნება თუ ჩვენი კურსდამთავრებული წარმატებული იქნება. ეს მარტივი ფორმულაა, მაგრამ რა დგას ამის უკან - ჩვენ გვინდა სტუდენტები არა მხოლოდ დარგის სპეციალისტებად და პროფესიონალებად, ტექნიკურ ექსპერტებად გავზარდოთ, არამედ მათში ის უნარ-ჩვევები განვავითაროთ, რომელიც მათი შემდგომი წარმატებისთვის არის აუცილებელი. გარდა ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის კურსებისა, პროგრამა საკმაოდ დახუნძლულია ისეთი საგნებით, რომელიც მათ ლოგიკურ გადაწყვეტილებების მიღების, კონფლიქტების, კომუნიკაციის სხვადასხვა უნარ-ჩვევას განუვითარებს. გარდა ამისა, ჩვენ მათთან ინდივიდუალური მენტორინგის და ქოუჩინგის სერვისების შეთავაზებას ვაპირებთ, სადაც განიხილება კარიერული დაგეგმვა, მათი განვითარება, ეს ყველაფერი ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება. ბუნებრივია, ეს შესაძლებელია დიდი რაოდენობის სტუდენტებშიც მოხდეს, მაგრამ უფრო ფოკუსირებულად, დროულად და სრულყოფილად ინდივიდუალური სერვისი მცირე მასშტაბის გამო უფრო შესაძლებელი იქნება.
-თქვენი კადრების დასაქმებით თუ იქნებით დაინტერესებული?
-ეს კითხვა ხშირად არის ხოლმე დასმული და ცნობილი გამოთქმა არსებობს - ჩვენ გვწამს ღმერთის და სხვა ყველაფერზე სტატისტიკა საუბრობს, ანუ სტატისტიკურად იგივე მაგისტრატურა რომ ავიღოთ, 80 სტუდენტში სულ 5-6 სტუდენტია, რომელიც პირდაპირ დასაქმებულია "საქართველოს ბანკში" ან ჯგუფში. ჩვენი მთავარი ამოცანა და ბანკთან ურთიერთობა ბიზნესის საფუძველზეა დაფუძნებული. პრივილეგია არც ჩაბარების კუთხით და არც დასაქმების კუთხით, მხოლოდ სტატუსის გამო სტუდენტს არ აქვს, ის კარგი უნდა იყოს. ჩვენ კარგ სტუდენტს ვზრდით, მისი დასაქმების ალბათობის გაზრდის კუთხით და მერე ის ბანკში მოინდომებს დასაქმებას, თუ სხვა კომპანიაში ამაზე არანაირი წინასწარი მესიჯები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ჯგუფის წევრობა მისთვის მეტ ალტერნატივას და შესაძლებლობას ხსნის, ოღონდ ეს აპრიორში არ არის და აუცილებლად მისი დასაქმების გარანტი თუ დაპირება არ არის. ამას ხშირად გვეკითხებიან პროგრამების პრეზენტაციის დროს, შემოსული წერილებით და ჩვენ ვამბობთ, რომ მთავარი ამოცანა დასაქმების ალბათობის გაზრდაა და ამას სწავლებით, მეთოდით და კავშირებით ვახერხებთ, რადგან მოწვეული სტუმრები უკვე კავშირს და კონტაქტს ნიშნავს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ აუდიტორიაში მოწონებული სტუდენტის დასაქმება ხდება მოწვეული ლექტორების და სტუმრების მეშვეობით. ამ ფორმულაში ორი საინტერესო ფაქტია მნიშვნელოვანი - პრაქტიკულად ბანკის დირექტორატის წევრები ყველა ჩართულია ამ საგანმანათლებლო პროცესში. დაახლოებით 1 ან 2 სტუმრობა სემესტრის განმავლობაში უშუალოდ რისკების მართვაში დირექტორის მოადგილე მოდის და კონკრეტულ საკითხზე კითხულობს ლექციას. ეს ცალსახად სასარგებლო კონტრიბუციაა და მათი მხრიდან ღირებულია. მოწვეული სპიკერები, სხვადასხვა დარგის ლიდერები პრაქტიკულად ყოველდღიურ კონტაქტში არიან სტუდენტებთან. არის ასეთი წიგნი ’’რა არ ვისწავლე ბიზნეს სკოლაში“, სადაც ავტორი წერს, რომ ყველაფერი ისწავლა, თუმცა აღწერს მის ყოველდღიურ ცხოვრებას ორგანიზაციაში, დაწყებული ორგანიზაციული პოლიტიკით, ზემოქმედი ფაქტორებით, გადაწყვეტილების მიღებით, რაც მან არ ისწავლა, რადგან სასწავლო პროგრამის კურიკურუმში არ იყო. ჩვენ შემთხვევაში კი მოწვეული სტუმრები და მენტორები ასწავლიან ისეთ რაღაცეებს, რომელიც აუდიტორიის კედლებს გარეთ პრაქტიკულად იგივეა, რაც ბიზნეს გარემოში ხდება. ნაპრალი თეორიასა და პრაქტიკას შორის მინიმუმი უნდა იყოს, რადგან დასაქმება, როგორც ერთ-ერთი წარმატების გარანტი და კარიერული წინსვლა იყოს ხელშეწყობილი.
-სოციალური პასუხისმგებლობა მაღალ ხარისხშია აყვანილი ბანკის მხრიდან, როდესაც ასეთი სტრუქტურა ყალიბდება ჯგუფში, როგორც ჩანს ბანკის მენეჯმენტიც თავის ყოველდღიურ პრაქტიკულობას სემესტრის განმავლობაში რამდენჯერმე უზიარებს სტუდენტებს. ეს ნიშნავს, რომ წამყვანი სპეციალისტები საქართველოს კერძო სექტორისა არიან ამ უნივერსიტეტის სპიკერები...
-ასეა ნამდვილად და იდეა რატომაც გადაწყვიტა ბანკმა უნივერსიტეტის დაფუძნება ზუსტად სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. უნივერსიტეტის დაარსების პროექტი დაწყებულია სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში. აღსანიშნავია, რომ ბანკის ფონდი წამყვან მაგისტრატურის სტუდენტებს აფინანსებს. საკმაოდ დიდი რაოდენობის სტუდენტები ფინანსდებიან, ეს არის 50-დან 30 დაფინანსებული სტუდენტი და ბენეფიტის ამხელა წილი არც ერთ სტანდარტში არ ჯდება პრაქტიკაში. იგივე შემიძლია ვფქვა ბაკალავრიატზე, მათი 30% ასევე ფინანსდებიან უფასო და განახევრებული სწავლების გადასახადით.
-მოკლე რეზიუმირება თუ შეიძლება იმ ტექნიკური ნაწილის თუ რა არის საჭირო "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში" მოსახვედრად?
-ბაკალავრიატზე დამატებითი პირობები არ არსებობს. საჭიროა წარმატებით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონკურსი იქნება, ანუ კარგი მონდომება, კარგი ცოდნა და კარგი მომზადება და რა თქმა უნდა, ჩვენი უნივერსიტეტის შემოხაზვა N185-ის იქნება აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი სტუდენტი გახდეს.

























