მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ბანკისა და „ტენეს“ პარტნიორობა ნარჩენების სეპარირების სისტემის დანერგვაში. რას გულისხმობს ინიციატივა?

საქართველოს ბანკი/ტენე
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი კომპანია „ტენესთან“ პარტნიორობას აგრძელებს, თუმცა ამჯერად, პროექტი ბანკის ფილიალებში ნარჩენების სეპარირებასა და გადამუშავებას გულისხმობს, რაც ფილიალებიდან ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების გატანის ინდივიდუალურ სერვისს ითვალისწინებს. ამის შესახებ BM.GE-სთან საქართველოს ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ლიზი შუბითიძემ და კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა ისაუბრეს.

როგორც ლიზი შუბითიძე გვიყვება, ფინანსური ინსტიტუტისთვის “გარემოზე ზრუნვა არა ერთჯერადი ინიციატივა, არამედ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ბანკი არაერთ მწვანე ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს.

მისი თქმით, მწვანე ინიციატივების კუთხით, ბანკის პორტფოლიო 2024 წლის მონაცემებით GEL 1,024 მილიონია.

„მწვანე ინვესტიციები ჩვენთვის ნიშნავს მეტს, ვიდრე უბრალოდ ფინანსურ მხარდაჭერას - ეს არის ბანკის მტკიცე პოზიციის გამოხატულება მდგრადი მომავლისა და გარემოს დაცვის მიმართ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რესურსები ისეთ პროექტებზე გავანაწილოთ, რომლებიც ქმნიან რეალურ, პოზიტიურ გავლენას და აქტიურად წვლილი შეაქვთ გარემოსდაცვით გამოწვევებთან გამკლავებაში“, - აცხადებს ლიზი შუბითიძე.

მისივე თქმით, „ტენესთან“ თანამშრომლობა ბანკისთვის შესაძლებლობაა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა რეალურ შედეგად იქცეს. ლიზი დასძენს, რომ საქართველოს ბანკი რეგულარულად ინტერესდება და აქტიურად ერთვება მწვანე და მდგრადი განვითარების პროექტებში, რადგან ეს არის კომპანიის სტრატეგიული მიმართულება და პასუხისმგებლობა.

„აღნიშნული პროექტი, ნარჩენების სეპარირება და მისი შესაბამისი მართვა, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ბანკმა პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს მწვანე ინიციატივებში. მომავალში გვსურს, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და მსგავსი იდეები კიდევ უფრო აქტიურად განვახორციელოთ. გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი გარემო და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ინიციატივების მიმართულებით“, - თქვა მან.

მისივე თქმით, თუ აქამდე ნარჩენების სეპარირება მხოლოდ ბექ-ოფისებში ხორციელდებოდა, ახლა ის საქართველოს ბანკის ფილიალებშიც დაინერგება, რაც არა მხოლოდ ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, არამედ ის ხელს უწყობს კომპანიის ინოვაციურ განვითარებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„ტენეს“ დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას საქართველოში ნარჩენების მართვის არსებულ სურათზე ამახვილებს და ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

საქართველოში ყოველწლიურად საყოფაცხოვრებო ნარჩენების 98% ნიადაგში იმარხება, რაც არამხოლოდ გარემოს აზიანებს, არამედ მილიარდობით ლარის დანაკარგი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის. კომპანიაში მიგვაჩნია, რომ ნარჩენების ცირკულარულ ეკონომიკაში ჩართვა ქართული კორპორატიული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა უნდა იყოს.

ნარჩენების დანაწევრების კულტურის დანერგვაში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ბიზნესებს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაში. სწორედ ეს იყო განმაპირობებელი ფაქტორი, რატომაც გადავწყვიტეთ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა. ზოგადად, გარემოსდაცვით საკითხებში დიდი კომპანიების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ასეთი დიდი ბანკი ჩვენი პარტნიორი ხდება, ეს თავისთავად ღირებულია როგორც სექტორისთვის, ისე კომპანიისთვისაც. ეს თავისთავად არის აღიარება, რაც ხელს შეგვიწყობს, კიდევ უფრო მარტივად დავამყაროთ ახალი პარტნიორობები“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

ინფორმაციისთვის,"ტენე" კომპანია "ჯინვენტორის" მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად, მსოფლიოში პირველი "მწვანე" USB-კაბელია. ის მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები