მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკმა, Cloudera-სთან პარტნიორობით, მონაცემთა ანალიტიკის და რეპორტინგის ბაზის მოდერნიზაცია მოახდინა

საქართველოს ბანკი
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ქლაუდ-კომპანია Cloudera-მ, რომელიც საქართველოს ბანკის მონაცემთა არქიტექტურის განვითარებაში ეხმარება, ბანკთან და ქართულ IT-ინტეგრატორთან, HT Solutions-თან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც Cloudera-ში ამბობენ, საქართველოს ბანკს მომხმარებლების ფინანსური მონაცემების შესანახად ცენტრალიზებული და მოთხოვნისამებრ მასშტაბირებადი პლატფორმის შექმნა სურდა, რომელიც ბანკის დატაცენტრებში დაინერგა.

საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა მანტუას თქმით, Cloudera-მ ქართულ კომპანიას თანამედროვე მონაცემთა არქიტექტურაზე წვდომა გაუხსნა, რომელსაც ბანკი სამომავლო ზრდისთვის გამოიყენებს. საქართველოს ბანკში, როგორც ცნობილია, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ყოვლისმომცველი პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რა დროსაც კომპანიამ არაერთი საინტერესო გადაწყვეტა დანერგა, რომელთა დახმარებით ბანკის სისტემა უფრო მოქნილი და თანამედროვე გახდა.

“შექმნის დღიდან, საქართველოს ბანკმა მონაცემებზე დაფუძნებული განვითარების სტრატეგიას მიჰყვება. მონაცემთა ანალიზი ის ფუნდამენტური ფუნქციაა, რომელსაც ბანკი მომხმარებლის სურვილების უკეთ შესასწავლად იყენებს. ბიზნესის ზრდასთან ერთად, ბანკში შენახული სამომხმარებლო და ფინანსური მონაცემების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავდროულად, საქართველოს ბანკმა ანალიტიკის, მონაცემთა მენეჯმენტის და დეველოპმენტის მიმართულებით ღია კოდის მქონე ხელსაწყოების გამოყენებას მოუხშირა.

ბანკში გააცნობიერეს, რომ საოპერაციო ეფექტიანობის გასაზრდელად, პროდუქტების გამოშვების დასაჩქარებლად და სიღრმისეული ანალიტიკის შესაქმნელად აუცილებელი იყო მონაცემების ცენტრალიზაცია. საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსასვლელად და მონაცემთა პოლიტიკის დასაცავად კი, აუცილებელი გახდა სათანადო უსაფრთხოების სისტემის შექმნა. ბანკის DataOps-ის გუნდში ისეთი პლატფორმა სჭირდებოდათ, რომლის დახმარებით არსებულ ტექნოლოგიურ გარემოსთან ინტეგრაციისთვის ნაკლები დროის დახარჯვა მოუწევდათ”, - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს ბანკის მიერ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის წინაშე დასახული მიზნის აღსრულების პროცესში ქართული IT-ინტეგრატორი, HT Solutions-ი ჩაერთო. როგორც კომპანიის დირექტორი, ნინო გვაზავა ამბობს, პროექტმა წარმატებას ჩართულ მხარეებს შორის გამართული კომუნიკაციის საფუძველზე მიაღწია.

“ამ პროექტის წარმატება Cloudera-სთან ჩვენმა მჭიდრო თანამშრომლობამ და საქართველოს ბანკისთვის კომპანიის მიზნების მისაღწევად საჭირო ინდივიდუალური გადაწყვეტის შექმნა განაპირობა. ამ უმტკივნეულო და უსაფრთხო ტრანსფორმაციის დროს, ჩვენ, როგორც ლოკალური პარტნიორი, ბანკის განკარგულებაში ვიყავით”, - ამბობს ნინო გვაზავა.

როგორც Cloudera-ში ამბობენ, ამერიკულმა კომპანიამ, HT Solutions-მა და საქართველოს ბანკმა ერთად იმუშავეს, რათა ბანკის მომხმარებლების ფინანსური ინფორმაციის შესანახად საერთო პლატფორმა შეექმნათ. ამიერიდან, ბანკს ყოვლისმომცველი და სწრაფად მასშტაბირებადი ცენტრალიზებული მონაცემთა პლატფორმა აქვს, რომელშიც მონაცემების ინტეგრირება სხვადასხვა წყაროებიდან შეიძლება. ამ მხრივ ასევე იგულისხმება 1.5 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლის მქონე ციფრული პლატფორმები, სადაც ბანკის ჯამური ტრანზაქციების 66% სრულდება.

“Cloudera-ს ინოვაციურმა ფუნქციონალმა გაამარტივა პროცესი, რომლისთვისაც, სხვა დროს საქართველოს ბანკში არსებულ ხელსაწყოებთან უამრავი რთული ინტეგრაცია იქნებოდა საჭირო. Oracle-ის, Elastic Search-ის და MongoDB-ის მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოსაღებად და ELT-პროცესების უზრუნველსაყოფად ამ დრომდე, ბანკი ღია კოდის მქონე თხუთმეტზე მეტ პროდუქტს იყენებდა. Cloudera-ს არქიტექტურის ღიაობისა და მოქნილობის დამსახურებით, საქართველოს ბანკის გუნდმა მონაცემთა არხების და ინტეგრაციების შექმნაზე დრო არ დახარჯა და ახლა, მონაცემების დისტრიბუციას Apache Spark-ის გამოყენებით ახდენს.

ბიზნესის მუდმივობის კორპორაციული სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს ბანკმა Cloudera დატაცენტრებში დანერგა. ამგვარად, ბანკის საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმა განმტკიცდა, რამაც DataOps-ის გუნდის წევრებს ტესტირებისთვის მეტად უსაფრთხო გარემო შეუქმნა”, - ვკითხულობთ Cloudera-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები