საქართველო-უზბეკეთის ბიზნესკავშირები გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადის. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და „გაყიდვების ასოციაციის“ ორგანიზებით, ტაშკენტში დაგეგმილი მასშტაბური ბიზნესგამოფენის წინ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ქართულმა კომპანიებმა უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობებზე, ახალ საქმიან კავშირებსა და გამოფენის ფორმატზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაში ტექნოლოგიური, სამშენებლო-დეველოპერული, არქიტექტურული, სამედიცინო და საავტომობილო სექტორების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას - საერთაშორისო ბიზნესგამოფენა, სახელწოდებით „საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“, 7 და 8 ოქტომბერს ტაშკენტში გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელსაც Marriott Tashkent-ი უმასპინძლებს, კორპორაციული სექტორის 2 000-მდე წარმომადგენელს ელოდებიან. საქართველოდან კი, უზბეკეთის ბაზრის პოტენციალის ასათვისებლად, 50-მდე სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანია მიემგზავრება.და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ მთავარ ორგანიზატორ „გაყიდვების ასოციაციასთან“ ერთად, გამოფენის ადგილობრივი პარტნიორები - ევროპა-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაცია და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.






























