საქართველოს ბანკი, რეგიონების მხარდაჭერას და ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და „ტურინვესტ ჯგუფს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი „ტურინვესტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში, რუსთაველის #20 - ში, სასტუმრო Hampton by Hilton აშენდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 16 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდება. 7 სართულიანი სასტუმრო 1 500 კვ.მ ზე აშენდება და ის 143 ნომერს, სხვადასხვა სივრცეებს, რესტორანსა და მიწისქვეშა პარკინგს გააერთიანებს.
„ვამაყობთ, რომ ტურინვესტ ჯგუფი განაგრძობს ქვეყნის და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სფეროში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ინვესტირებას. დარწმუნებული ვართ, ,რომ Hilton-ის ბრენდის კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სტუმარმასპინძლობის სტანდარტებს ამაღლებაში, დასაქმების ხელშეწყობაში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს ბანკი 2010 წლიდან ჩვენი სანდო პარტნიორია და ეს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ. აღნიშნული პროექტი გამორჩეულია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის უნიკალური ადგილმდებარეობით და არქიტექტურით. სასტუმრო ძველ ბულვარში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში შენდება და ის ურბანულ სტილს სინთეზურად შეერწყმება.
სამომავლოდ, კვლავ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ინვესტირებას ვგეგმავთ, რაც Hampton by Hilton-ის შემდეგ, „კულტურულ-გასართობი ცენტრი არგო“- ს განვითარებასთან არის დაკავშირებული“. - განაცხადა გიორგი აბაშიძემ, ტურინვესტ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა