საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანული ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმა Epoint-ი შემოდის. როგორც BMG-ის ბაქოს ბიუროს პლატფორმის თანადამფუძნებელმა ჰასან ჰასანოვმა განუცხადა, ქართულ ბაზარზე ისინი წლის ბოლომდე გამოჩნდებიან. აღნიშნულ პლატფორმას, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს, უკვე 900-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ჯერ მხოლოდ აზერბაიჯანში. საქართველოში ისინი მცირე და საშუალო საწარმოებს ციფრული გადახდების გადაწყვეტებს შესთავაზებენ.
“რადგან საქართველოს ბაზარიც აზერბაიჯანის ბაზრის მსგავსია, გადავწყვიტეთ საქართველოში შესვლაც, რაც 2024 წლის ბოლოს იგეგმება. 2022-2023 წლებში თბილისში, აქსელერაციის პროგრამა „Global 500“ -ში მივიღეთ მონაწილეობა და გვაქვს კავშირები ქართულ სტარტაპებთან, ბანკებთან”, - აღნიშნა ჰასან ჰასანოვმა და დასძინა, რომ Epoint-ი ქართულ ბაზარზე ბიზნესის გაციფრულების კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს ხედავს და სურს, რომ ამის ნაწილი იყოს.
„როგორც უკვე ვთქვი, საქართველოც განვითარებადი ბაზარია, როგორც აზერბაიჯანი. მაგალითად, აზერბაიჯანში მცირე და საშუალო ბიზნესების მხოლოდ 1% არის გაციფრულებული და ყიდის პროდუქციას ონლაინ. საქართველოშიც თითქმის ასეა. ბაზარი ცოტა უფრო მცირეა, ვიდრე აზერბაიჯანში, მაგრამ მაღალი პოტენციალით, რადგან იქ ახლა ბევრი სტარტაპი ამოქმედდა. არსებობს სახელმწიფო სააგენტო - GITA, რომელიც მხარს უჭერს სტარტაპებს”, - აღნიშნა მან.
Epoint-ის დამფუძნებლის თქმით, რადგან საქართველოში ბოლო წლებში არაერთი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა, ეს ქვეყანა მათთვის საინტერესო გახდა, რაც ასევე გადამწყვეტი იყო ქართულ ბაზარზე გაფართოების გადაწყვეტილების მიღებაში.
“რადგან ჩვენი გეგმის ნაწილია, გავხდეთ ყველაზე დიდი რეგიონალური მოთამაშე კავკასიაში, ყაზახეთში, უზბეკეთში და აბრეშუმის გზაზე, ასე ვთქვათ, გვინდა უმსხვილესი მოთამაშეებისთვის გავხდეთ საინტერესო. ასე რომ, დიახ, საქართველო არის ყველაზე ახლო და საუკეთესო დასაწყისი”, - განაცხადა მან.