საქართველოს ბაზარზე 2024 წლის მესამე კვარტალში ქართული წარმოების "ჩუპა-ჩუპსი" და ჟელიბონი გამოჩნდება, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანია „ელმორის“ დამფუძნებელმა, გიორგი თარხნიშვილმა განაცხადა.
„პარტნიორ კომპანია „თემასთან“ ერთად ვმუშაობთ ყველასათვის საყვარელი პროდუქტების წარმოებაზე, რასაც წარმოადგენს "ჩუპა-ჩუპსი" და ჟელიბონი. ქართული წარმოების პროდუქტი 2024 წლის მესამე კვარტალში იქნება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, რომლის წარმოებაც აგრეთვე მოხდება ახალ საწარმოში,“- აღნიშნა გიორგი თარხნიშვილმა.
სავარაუდოდ ბაზარზე ქართული "ჩუპა-ჩუპსი" და ჟელიბონი „ლავლავის“ სახელით იქნება წარმოდგენილი, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილი არ არის.
„ჩვენი ორიენტირინი იქნება ისევ და ისევ ხარისხი. იმპორტირებულ "ჩუპა-ჩუპსზე" 20%-ით ძვირი იქნება და ფასი დაახლოებით 2 ლარი იქნება. რაც შეეხება ჟელიბონის ღირებულებას, ეს ჯერ განსაზღვრული არ გვაქვს,“ - აცხადებს გიორგი თარხნიშვილი.
შეგახსენებთ: კომპანია „ელმორი“ 2022 წლის ბოლოდან იაპონური მეთოდით დამზადებულ ექსკლუზიურ ქართულ ხელნაკეთ კანფეტს აწარმოებს, რომელიც ბაზარზე „ჰენდი ქენდის“ სახელით ოპერირებს. "ელმორი" 2025 წლისთვის ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.