„ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ 2023 წელი ძალიან აქტიური და წარმატებული გამოდგა. შესაბამისად, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნაც ძალიან მაღალი იყო.
კომპანიამ, წინა წელთან შედარებით, გასული წელი 25%-იანი ზრდით დაასრულა, რაც 200 ერთეული ავტომობილის რეალიზაციას გულისხმობს. 2024 წელს კი „ვოლვო ქარ საქართველო“ კარგი სიახლით იწყებს - Volvo EX30 საქართველოს ბაზარზე ივნისის ბოლოს გამოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ძალიან მალე ავტომობილი ხელმისაწვდომი გახდება. ამ თემებზე „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორმა, მაკა სახვაძემ BMG AUTO-ში სტუმრობისას ისაუბრა.
Volvo EX30 გახლავთ შედარებით მომცრო ზომის ავტომობილი, რომელიც ბაზარზე ძალიან ხელმისაწვდომი ფასით იქნება წარმოდგენილი. ავტომობილის საწყისი ფასი 39 000 ევროა.
აღსანიშნავია, რომ ვოლვოს კატეგორიიდან VOLVO EX30 არის ყველაზე სწრაფი ავტომობილი კომპანიის ისტორიაში. საქართველოში ავტომობილზე წინასწარი შეკვეთების მიღება და გაყიდვები აქტიურადაა დაწყებული.
მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალ შოურუმში VOLVO EX30 ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოს იქნება. წინასწარი გაყიდვები უკვე გაფორმებულია, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს არ ჰქონია ამ ავტომობილთან შეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლები სრულ ნდობას გვიცხადებენ. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ მათ.
2024 წელს ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს. გაყიდვების მიმართულებით დაახლოებით 50%-მდე ზრდას ვგეგმავთ. გარდა Volvo EX30-სა, მომხმარებელს სამოდელო რიგში წლის ბოლოსთვის ვთავაზობთ ყველაზე დიდი ზომის ელექტრომობილს - ვოლვო EX90-ს, რომელზეც ვფიქრობთ, რომ ფლაგმანი იქნება ელექტრომობილების გაყიდვებში“.
ცნობისთვის, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გასულ წელს კი ამ მიმართულებებს ყაზახეთიც დაემატა. კომპანია 2024 წელს ბაზრის ათვისებასა და განვითარებაზე აქტიურად იმუშავებს.