მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბაზარზე ზრდას ვგეგმავთ - ინტერვიუ Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან

Wizz air

უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air 2023 წლის პირველი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

2023 წლის ორი კვარტალის მონაცემებით, 21%-იანი წილით უნგრული ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია.

კერძოდ, ავიაკომპანიის მგზავრები 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წლიურად 127%-ით გაიზარდა. თუ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში კომპანია 396 147 მგზავრს მოემსახურა, ეს მაჩვენებელი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 898 150 იყო.

კომპანია ბაზარზე შემოსვლის დღიდან მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს და როგორც მისი კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო BMG-ის ეუბნება ჯერჯერობით სხვა აეროპორტებიდან ფრენას არ გეგმავენ. კომპანიის სამომავლო გეგმებსა და ქართულ ბაზარზე არსებულ მაჩვენებლებზე BMG ანდრაშ რადოს ესაუბრა.

- საუბარი მინდა დავიწყო ავიაბილეთის ფასით. მიუხედავად იმისა, რომ საავიაციო ნავთობზე ფასი წლიურ ჭრილში შემცირებულია, ბილეთის ფასი კვლავ მაღალია. რა განაპირობებს ამას იმ ფონზე, როცა ვიცით, რომ საწვავი ბილეთის ფასის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელია. ამასთან, მაღალ ფასს რა გავლენა აქვს თქვენზე, რადგან თქვით, რომ Wizz air სურს დარჩეს ბიუჯეტურ ავიაკომპანიად.

- დიახ, ჩვენ ბევრი მიმართულებით გავზარდეთ ფასი, თუმცა ეს მოხდა გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ვხედავთ, ინფლაციურ პროცესებს მსოფლიოში, ამას Wizz air-ზეც აქვს გავლენა და ამ პროცესის მიმართ რეზისტენტულები არ ვართ. მაგრამ თუ შეხედავთ ფასის ზრდას, სხვა ავიაკომპანიების შემთხვევაში ეს უფრო მაღალია. მიზეზი, რის გამოც ფასი ასე არ გავზარდეთ არის ის, რომ ძალიან ეფექტიანი და მდგრადი ბიზნესმოდელი გვაქვს. ჩვენ ვართ ბიუჯეტური ავიაკომპანია, რაც ნიშნავს, რომ ვთავაზობთ მომხმარებელს ერთ ადგილში [თვითმფრინავზე] ყველაზე დაბალ ფასს. ამას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს მათ შორის ისიც, რომ გვაქვს ახალი ფლოტი, რომელიც დაახლოებით 20%-ით ნაკლებს საწვავს მოიხმარს, რაც უდიდესი დანაზოგია. ბილეთების გაყიდვის ნაწილში ვცდილობთ მისი ფასი რაც შეიძლება ნაკლები იყოს და მართლაც ის საკმაოდ დინამიურია. როგორც ვახსენე, ასევე მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები კონკურენცია, აეროპორტის მოსაკრებელი, თუმცა ვცდილობთ დაბალი ფასი შევინარჩუნოთ. 

- თუმცა სტატისტიკა, რაც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეთ აჩვენებს, რომ ფასის მიუხედავად, მოგზაურობაზე მოთხოვნა მაღალია.

- დიახ, ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან ადამიანებს სურთ მოგზაურობა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტორიც, რომ წელს პირველი წელი იყო სრულიად თავისუფალი  იყო მოგზაურობა. ვგულისხმობ კოვიდის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. როგორც ვიცით, იანვარი; თებერვალი; მარტი, ოქტომბერი და ნოემბერი ისეთი პერიოდია, როცა მაღალი მოთხოვნა არ არის, თუმცა ვხედავთ ამ პერიოდშიც მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. 

- მინდა გკითხოთ სომხეთზე, ზოგიერთი ქართველი მომხმარებელი ამბობს, რომ  სომხეთიდან Wizz air-ით ევროპაში ფრენა უფრო იაფია, ვიდრე ქუთაისიდან. რა განაპირობებს ამას?

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ სომხეთიდან ფრენის ფასი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ სომხეთში ბაზირებული ხომალდი არ გვაქვს. ამიტომ სომხეთში და სომხეთიდან სხვადასხვა ბაზიდან დავფრინავთ. მათ შორის  Wizz air Malta-თი [Wizz air Group-ის წევრი ავიაკომპანია]. მაგალითისთვის ერევანი-ვენის საჰაერო ხაზს ავსტრიის ეკიპაჟი უწევს მომსახურებას. ვენა ძალიან კონკურენტული ბაზარია და ამის გამო შესაძლოა, ფასი დაბალი იყოს, იმ შემთხვევაში თუ ფრენა ვენის ბაზიდან ხორციელდება. არანაირი წინასწარგანზრახული განსხვავებული მიდგომა სომხეთსა და საქართველოს შორის არ გვაქვს. 

- ბოლო ორი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გადაყვანილი მგზავრების მიხედვით Wizz air საქართველოს ლიდერი ავიაკომპანიაა. ეს შედეგები თქვენთვის დამაკმაყოფილებელია? აქვე გკითხავთ საქართველოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც.

- ძალიან გვახარებს ეს რიცხვები და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ქუთაისის აეროპორტთან. საქართველოს ბაზარზე ვიზრდებით და მალე დავამატებთ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს. დარწმუნებული ვარ, მეტი მიმართულება და ბაზა იქნება საქართველოში. ჩვენთვის ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია და ამ ბაზარზე ზრდა გვინდა. ამ ახლა ვერ გეტყვით რა ახალი მიმართულება იქნება ან როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება. 

- როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიას თანხას უხდის ბაზის დამატებაში, რაც წელს არაუმეტეს 4 მლნ ევროს შეადგენს...

- შეთანხმების დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც ვახსენე საქართველოში განვითარება გვსურს. ახლა გვიხარია საქართველოში მეოთხე ბაზის დამატება. ასევე დავიწყებთ ახალ მიმართულებას კოპენჰაგენს. ვფიქრობ, პოპულარული მიმართულება იქნება, რადგან ამაზე დიდი მოლოდინი იყო. 

- ქართველ მგზავრებს ძალიან უნდათ გაიგონ თუ შეძლებენ Wizz air-ით ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი აეროპორტია

- ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ფრენებს ვაგრძელებთ ქუთაისიდან, იქ გვაქვს ბაზა და იქ ვფიქრობთ ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები