საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადაზიდვების მოცულობები მინიმუმამდეა შემცირებული, როგორც "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა და HUB Georgia-ს ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, საქართველოს სამივე ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) მიმდინარე წლის 10 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამურად 31%-ით არის შეცირებული ნავთობის და ნავთოპროდუქტების მოცულობები.
,, ამ მოკლე პერიოდში, ბათუმის ნავსადგურმა, რომელიც ოდითგანვე ნავთობზე იყო ორიენტირებული 45 %-ით შეამცირა თხევადი ტვირთების გატარება. ამის საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ ბათუმმა პრაქტიკულად დაკარგა, ნავთობის გატარებაზე ორიენტირებული ნავსადგურის ფუნქცია, რომელიც მას დაარსებიდან გააჩნდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით გატარებული 9.5 მლნ ტონა თხევადი ტვირთებიდან (ნედლი ნავთობი და ნავთოპროდუქტები), მნიშვნელოვანმა მოცულობამ - 4.7 მლნ. ტონამ, ნედლი ნავთობის სახით, სრულად ბაქო - თბილისი - ჯეიხანის მილსადენში გადაინაცვლა. აქედან საქართველომ ირიბად კი მიიღო შემოსავალი, მაგრამ დარჩენილი 4.8 მლნ ტონა ნავთოპროდუქტები, რომლის გადაზიდვა მილსადენით არ ხორციელდება, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო ვერ შეინარჩუნა. 2018 წლის 10 თვეში 2.39 მლნ-მდე შემცირდა მოცულობა. სადღეისოდ, დაკარგული ნავთობპროდუქტების გადაზიდვა, შავი ზღვის აუზის ნავსადგურებში, ძირითადად, ალტერნატიული დერეფნით - რუსეთზე გამავალი ვოლგა დონის არხით ხორციელდება“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რეგიონში, ერთის მხრივ, ალტერნატიულ დერეფნებს შორის მძაფრი კონკურენციის პირობებში, ხოლო, სახელმწიფოთა დონეზე გადასაწყვეტ უპირველეს ამოცანას, მილსადენების და სახმელეთო მარშრუტებით ნავთობნაკადების რაციონალური დივერსიფიკაციის შეთანხმებული პოლიტიკის გატარება უნდა წარმოადგენდეს.