მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს დერეფანში თურქმენეთის ტვირთების მოზიდვის რეალური შესაძლებლობები არსებობს"

5b6292c63a9a2
მაია ბიწაძე
02.08.18 09:11
901
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თურქმენეთის ტვირთების მოზიდვის რეალური შესაძლებლობები არსებობს - ამის შესახებ Bm.ge-ს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა, HUB Georgias-ს ექსპერტმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, თურქმენეთი „აგრესიულ“ სატარიფო პოლიტიკას ატარებს. ამისთვის, თურქმენეთის სარკინიგზო ტრანსპორტის სამინისტრომ, მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე გადაზიდვის ტარიფები ნაყარ და თხევად ტვირთებზე მნიშვნელოვნად - 40 – 50% შეამცირა.

,,საუბარია ტვირთებზე, რომლებიც თურქმენეთის ტერიტორიაზე ყაზახეთიდან ირანის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრაობენ. აღნიშნული დერეფანი რუსეთიდან ირანში ლითონის, ქიმიური ტვირთების და ხორბლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. გამომდინარე იქიდან, რომ გადაზიდვების საბოლოო დანიშნულების წერტილი ირანია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტვირთნაკადმა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით გამოიაროს.

რაც შეეხება, თიხა მიწას და ალუმინს, თურქმენეთმა, თურქმენბაშის ნავსადგურის გავლით ტაჯიკეთში ტრანზიტად გადაზიდვისას 50% ფასდაკლება დააწესა. ეს რეალურად შესაძლებელია შეეხოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში რკინიგზას და ნავსადგურებს. თუმცა, რამდენად გამოიყენებს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი თურქმენეთის მიერ განხორციელებულ პრეფერენციებს, ამას დრო გვიჩვენებს და მოითხოვს აქტიურ მუშაობას“ - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, უზბეკეთის დანიშნულებით, თურქმენეთზე მოძრავი ტრანზიტული ტვირთებისთვისაც, პირველ რიგში ნავთობზე და გაზის კონდენსატზე, 30%-იანი ფასდაკლება დაწესდა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ტვირთებისა, თურქმენეთის საექსპორტო პროდუქციაზეც დაწესებულია შეღავათები, კერძოდ თურქმენულ კარბამიდზე 50% და გოგირდზე 30% , ორივე პროდუქციაზე თურქეთში მოთხოვნა დიდია. შესაბამისად, ამ ტვირთების გადასაზიდად ყველაზე რაციონალური ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის გამოყენებაა.

,, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნში, ბოლო პერიოდში ტვირთების შემცირების ფონზე, თურქმენული ტვირთნაკადის მოსაზიდად მიზანშეწონილია საქართველოს რკინიგზამ და ნავსადგურებმა, ერთობლივი, ადექვატური სატარიფო პოლიტიკა შეიმუშაონ“ - აცხადებენ ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები