"საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა რუსეთს აწყობს", - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა პროქართულია და არა პრორუსული.
აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელს მიაჩნია, რომ დღეს არსებული პოლიტიკით, აფხაზეთს მალე დავიბრუნებთ, თუმცა როდის, არ იცის.
- "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე გვპირდებოდნენ, რომ ტერიტორიებს დაიბრუნებდნენ და 2030 წელს ევროკავშირში აფხაზებთან და ოსებთან ერთად შევიდოდით. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს დაპირება?
- რეალურად არ მიმაჩნია, რომ ჩვენ დღეს ან 2026 წელს აფხაზეთს დავიბრუნებთ. მაგრამ, როდესაც პროცესებს და მოსახლეობის რეალურ განწყობას ვაკვირდები, ვრწმუნდები, რომ ნელ-ნელა იქითკენ მივდივართ , რომ აფხაზებთან აუცილებლად დაიწყება მოლაპარაკება საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ.
- 2030 წელს შესაძლებელია?
- როდის შეიძლება მოხდეს, ვერ გეტყვით. შეიძლება, ყველასთვის მოულოდნელად მოხდეს, შეიძლება, გარკვეული პერიოდი გაჭიანურდეს, თუმცა მოვლენები აქეთკენ ვითარება. ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ამას ხელს ძალიან უწყობს.
- რომელი პოლიტიკა?
- საქართველოს პოლიტიკა, რომელმაც რუსეთს დამატებითი ქართული სანქციები არ დაუწესა, რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ებმება და მეორე ფრონტს არ ხსნის. პოლიტიკა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მაგრამ არც პრორუსულია, რუსეთს ძალიან აწყობს.
- რა აწყობს?
- საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა. გვინდა თუ არა, როცა აფხაზეთის დაბრუნებაზე მიდგება საქმე, აფხაზების გარდა, რუსებსაც უნდა დაველაპარაკოთ.
- თუ რუსეთს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აწყობს, გამოდის, საქართველოს მთავრობა პრორუსულია...
- არა, ასე არ გამოდის. იმას რომ აწყობს, არ გამოდის, რომ მაინც და მაინც, არის რუსული. ეს არის პროქართული პოლიტიკა, რომელიც არ არის არცერთი მეზობლის წინააღმდეგ მიმართული.
- რა შედეგი მოგვიტანა ამ ე.წ. პროქართულმა პოლიტიკამ? ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა რუსეთის მხრიდან და რუსეთი არ ცვლის პოზიციას ტერიტორიებთან მიმართებით.
- მივიღეთ მშვიდობა.
- თქვენს სახლში რომ ვერ ჩადიხართ, მშვიდობაა?
- ჩვენ ვცხოვრობთ გარკვეულ მოცემულობაში და აქ ძალიან გვჭირდება მშვიდობა იმისთვის, რომ სახლში ჩავიდეთ.




























