მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეკონომიკა კრიზისს "ცხელი ფულითა" და ემიგრანტების გზავნილებით გადაურჩა|მიხეილ გაფრინდაშვილი

მიხეილ გაფრინდაშვილი

ბიზნესის მრჩეველი და პროგრამა Growth and Strategic Adviser-ის დამფუძნებელი მიხეილ გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი არა - სისტემური რეფორმები, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი საგარეო ფაქტორები აღმოჩნდა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების პოლიტიკურ რყევებს ე.წ. „ცხელი ფულითა“ და ემიგრანტების ფულადი გზავნილებით გადაურჩა.

მიხეილ გაფრინდაშვილიც იზიარებს ანალიტიკოსების და სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სააგენტოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ 2022-2023 წლებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ქვეყანაში კაპიტალისა და იმიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა, რამაც ეკონომიკას ძლიერი ბიძგი მისცა.

ამასთან, მისი აზრით, იმისთვის, რომ ეკონომიკა გარე ფაქტორებზე (ომი, მიგრაციული ნაკადები) აღარ იყოს დამოკიდებული, საჭიროა, ფუნდამენტური ცვლილებები სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში.

რა სჭირდება საქართველოს ეკონომიკას მდგრადი განვითარებისთვის? - მიხეილ გაფრინდაშვილი გამოყოფს სამ ძირითად მიმართულებას, რომელიც ქვეყანას გრძელვადიან სტაბილურობას მოუტანს:

  1. ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი - ბიზნესმენის აზრით, ეს არის ყველაზე ძლიერი „მიზიდულობის ცენტრი“, რომელსაც ქართული ეკონომიკის გამოცოცხლება შეუძლია.
  2. მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიალიზაცია - მიხეილ გაფრინდაშვილის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ პატარა ბაზრის გამო საქართველოში წარმოება არარენტაბელურია. მაგალითად მან სომხეთი მოიყვანა, სადაც ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს ქარხანა იხსნება. ის მიიჩნევს, რომ საქართველომ აქცენტი სწორედ მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე უნდა გააკეთოს.
  3. დამოკიდებულების შემცირება გარე წყაროებზე - მისი აზრით, ეკონომიკა აღარ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ ემიგრანტების გზავნილებს, ტურიზმსა და სამთავრობო დანახარჯებს. ნაცვლად ამისა, პრიორიტეტი გეოეკონომიკური პოტენციალისა და ტრანსპორტის განვითარება უნდა გახდეს.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „კორუფციას, ნეპოტიზმს, ქვეყნისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას წერტილი უნდა დავუსვათ“, - ასე უპასუხა მიხეილ გაფრინდაშვილმა გადაცემის წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

მისივე აზრით, უნდა დავასრულოთ ვიწრო აზროვნება, რომელიც ზღუდავს ქვეყნის პოტენციალს.

„საქართველო არ არის რუსეთის უკანა ღობე, ეს არის ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა,“ - განაცხადა მიხეილ გაფრინდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები