მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ეკონომიკას ბუსტს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოუტანს" - ვალერი ჩეხერია

ვალერი ჩეხერია

"ქართულ ეკონომიკას მთავარ ბუსტს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოუტანს, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, რომ ბევრი ახალი, საინტერესო ტურისტი და ბიზნეს მოგზაური მოვიზიდოთ", - ამის შესახებ BMG-ის Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წელს საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. წლის ბოლოსთვის ქვეყანაში მიგრანტების რიცხვი 115 000-ს შეადგენდა, მათ მიერ გაწეული დანახარჯი კი $875 მილიონს. 2023 წელს მიგრანტების რიცხვმა შემცირება დაიწყო და რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა საქართველო დატოვა, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის დანახარჯების შემცირებასაც გამოიწვევს, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" ახლახანს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

შესაბამისად, BMG დაინტერესდა - როგორ შეიძლება, რომ ბიზნესმა ნაკადების ცვლილების შედეგად მიღებული დანაკლისი შეივსოს. სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ Rooms Hotel-ის აღმასრულებელ დირექტორს და ის გარდა კანდიდატის სტატუსისა, მთავარ გამოსავლად ტურიზმის განვითარებას მიიჩნევს.

"მიგრაციული ნაკადების ცვლილება, რა თქმა უნდა, ქართულ ეკონომიკას დაეტყობა. იმიტომ რომ, იმ პერიოდში, როცა მთელს მსოფლიოში კრიზისული სიტუაცია იყო, ჩვენ ამით ძალიან კარგი ბუსტი შევძინეთ ეკონომიკას. ამ დანაკლისის შესავსებად აუცილებელია, რომ კარგი, მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი შემოვიყვანოთ და ეს მიმართულება მაქსიმალურად განვავითაროთ. მე მგონია, რომ ტურიზმის განვითარებით ამ დანაკარგების ჩანაცვლება თავისუფლად შეიძლება მოხდეს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ პირდაპირი ფრენების და ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერებაზე", - ამბობს ვალერი ჩეხერია.

მისივე ცნობით, მიგრაციული ნაკადების სწრაფ ზრდას საფრთხეები ყოველთვის თან ახლავს, სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ბიზნესმა და სახელმწიფომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშაონ.

"მთავარი საფრთხე სწორედ ის შედეგია, რაც ახლა მივიღეთ. ანუ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, რომ ისინი ადგნენ და წავიდნენ, ან როგორც ისტორიამ გვასწავლა, ჩაიკეტოს ფრენები და ვეღარ მივიღოთ ტურისტები. სწორედ ამ საფრთხეების არსებობის გამო, აუცილებელია, რომ ბაზრების დივერსიფიკაციაზე ვიმუშაოთ, რომ ერთ კონკრეტულ სეგმენტსა და ქვეყანაზე დამოკიდებულები არ ვიყოთ", - აცხადებს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები